ხვიჩა კვარაცხელია: "ეს ფეხბურთელები და კლუბი ზრუნავენ ჩემზე"
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. "პსჟ"-მ საკუთარ მოედანზე "რეიმსი" მიიღო და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა დემბელეზე საგოლე გადაცემა გააკეთა და პირველივე თამაშში აქტივით გამოირჩა. ფრანგული გაზეთი L'Equipe ხვიჩას ვრცელ კომენტარს გვთავაზობს.
- პარკ დე პრენსზე პირველი მატჩი, როგორი შთაბეჭდილებები გრჩება?
წარმოუდგენელი გრძნობა იყო. ძალიან კარგი ატმოსფერო. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ ფანებთან, გუნდთან და ამ წარმოუდგენელ ფეხბურთელებთან ერთად.
- როგორ გრძნობდით თავს მოედანზე?
თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა მატჩი მძიმე გამოვიდა. ბევრი მომენტი გავანიავეთ, ამიტომაც ვერ მოვიგეთ.
- თქვენ გააკეთეთ საგოლე პასი უსმან დემბელეს გოლისას, როგორია ეს?
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ იმ მომენტში საგოლე გადაცემა გავაკეთე. უბრალოდ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან დღეს უნდა მოგვეგო. ჩვენ უფრო მეტს ვიმუშავებთ და გამარჯვებებიც მოვა.
- ფიზიკურად როგორ გრძნობ თავს?
მშვენივრად, უბრალოდ ერთი თვეა არ მითამაშია და ეს ცოტა მეტყობა. მწვრთნელი და შტაბი ხელს მიწყობენ მეტი ვიმუშაო, რომ ტოპ ფორმაში დავბრუნდე.
- თქვენ ითამაშეთ რამდენიმე პოზიციაზე. როგორ ფიქრობთ, რომელია თქვენთვის საუკეთესო?
ვფიქრობ, შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შემიძლია. გუნდი ჩვენგან მოითხოვს ვცვალოთ პოზიციები მატჩის მიმდინარეობისას და ეს სტრატეგია უნდა შესრულდეს. ძალიან სასიამოვნოა, როცა თავს თავისუფლად გრძნობ, როცა მეტოქის კართან ახლოს ხარ.
- როგორ ჩაიარა პსჟ-სთან ერთად პირველმა კვირამ?
ძალიან კარგად. ფეხბურთელები და კლუბი ზრუნავდნენ ჩემზე - "უბრალოდ იფიქრე ვარჯიშზე, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ". ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
- ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილ თამაშზე
მე ვიყავი პსჟ-ის პირველი გულშემატკივარი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, ეს იყო შესანიშნავი თამაში, ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით, რთული შეხვედრა იყო, მაგრამ ხარისხი ვაჩვენეთ. თუ საშუალება მომეცემა, შტუტგარტშიც გუნდთან ერთად გავემგზავრები. - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ L'Equipe-სთან
პსჟ-ს მომავალი თამაში სწორედ ლიგის ფაზის მე-8 ტურში, სტუმრად, "შტუტგარტთან" ელის. ხვიჩა ამ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა თუ ფრანგული კლუბი საუკეთესო 24-ში მოხვდება, ქართველის დარეგისტრირება შეეძლება და კვარაცხელია ყველა ტურნირზე თამაშის უფლებას მიიღებს.