Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "აქ დიდი ტიტულების მოსაგებად მოვედი" | VIDEO

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
"ნაპოლის" ოფიციალურმა გვერდმა, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას 5-წუთიანი ინტერვიუ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელშიც 21 წლის ფეხბურთელი საკუთარ თავს გულშემატკივარს უკეთ აცნობს.
"მოგესალმებით მეგობრებო. მე კვარა ვარ, 20 წლის და მოგიყვებით ჩემს ისტორიას. მე საქართველოდან ვარ. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. როდესაც პატარა ვიყავი, სტადიონზე ფეხბურთს ყოველთვის ვთამაშობდი. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ფეხბურთის თამაში დაახლოებით 8 წლის ასაკში დავიწყე. 9-10 წლის ასაკში მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი - ფეხბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში. ისევე, როგორც ახლა. მამა ფეხბურთელი იყო, ის აზერბაიჯანში ასპარეზობდა და ძალიან კარგი მოთამაშე იყო. ფეხბურთი იმიტომ არ ამირჩევია, რომ მამაჩემი იყო მოთამაშე. თავად მსურდა ფეხბურთის თამაში. მამას არასდროს უთქვამს, რომ მევარჯიშა ან მეთამაშა. მინდოდა ფეხბურთის თამაში და ვვარჯიშობდი. არც მამას და არც არავის დაუძალებია, რომ მევარჯიშა. დასვენების დროს საქართველოში ოჯახთან ერთად ვატარებ. ორი ძმა მყავს - უფროსი და უმცროსი. პატარა 12 წლისაა და ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს. მას ძალიან კარგად შეუძლია თამაში. როდესაც საქართველოში ვიმყოფები, დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ, რაც ძალიან მახარებს. მთაში ან ზღვაზე მივდივართ დასასვენებლად. უპირატესობას მთას ვანიჭებ, რადგან ძალიან კარგი სამთო კურორტები გვაქვს. იქ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მივდივარ და ძალიან კარგ დროს ვატარებ, რადგან უმშვენიერესი გარემოა. ეს უნდა ნახოთ. სპორტის სხვა სახეობებითაც ვარ დაკავებული. ვთამაშობ ჩოგბურთსა და კალათბურთს, მაგრამ ფეხბურთი განსაკუთრებით მიყვარს - არ ვმუშაობ, ფეხბურთი მიყვარს და ამიტომაც ვარ აქ. ზოგჯერ მეგობრებთან ერთად კალათბურთს ვთამაშობ, რადგან ძალიან მომწონს. „გოლდენ სტეიტის“ ფანი ვარ და სტეფ კარი ძალიან მომწონს. საფეხბურთო კარიერა საქართველოში, „დინამო თბილისის“ აკადემიაში დავიწყე. შემდეგ მოვხვდი „დინამო თბილისის“ ძირითად გუნდში, საიდანაც რუსთავში გადავედი. შემდეგ იყო რუსული კლუბები - "ლოკომოტივი" და ყაზანის "რუბინი", საიდანაც საქართველოში, "დინამო ბათუმში" დავბრუნდი და ახლა აქ, "ნაპოლიში" ვარ. საქართველოში ძალიან ბევრი მეუბნებოდა, რომ ნეაპოლი უმშვენიერესი ქალაქია. იტალიაში არ ვიყავი ნამყოფი და საოცრად მომეწონა. ნეაპოლი წარმოუდგენლად ლამაზი ქალაქია. აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, რომელთაც ფეხბურთი უყვართ. ტაქსით მგზავრობისას შევამჩნიე, რომ ყველას „ნაპოლის“ მაისური ეცვა - ეს იყო დიდებული განცდა, რადგან მათ ფეხბურთი ძალიან უყვართ. მე აქ მოვედი, იმიტომ რომ მინდა გამოვცადო დიდი ემოციები და მნიშვნელოვანი ტიტულები მოვიგო. მსურს ამ კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთო და იქნებ ამჯერად ტიტულებამდე და უდიდეს ემოციებამდე მივიდეთ. მე ვიყავი ეროვნულ ნაკრებში, ვთამაშობდი ამხანაგურ მატჩებს, როდესაც ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა რომ ის იტალიაში მიდიოდა, რათა „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებები ეწარმოებინა. გაოცებული დავრჩი, იმიტომ რომ მოლაპარაკებები დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, "ნაპოლი" კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მე ვიცი, რომ ნეაპოლში გემრიელი პიცაა, თუმცა ჯერჯერობით არ გამისინჯავს, მაგრამ ვიცი ის რომ აქ მარადონას უთამაშია და ეს ბრწყინვალეა. გამარჯობა, მე აქ ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დიდი პატივია, რადგან „ნაპოლი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია თქვენ წარმოუდგენელი გულშემატკივრები ხართ, ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის და „ნაპოლისთვის“ და FORZA NAPOLI!", - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.

სხვა სტატიები