ხვიჩა კვარაცხელია: "ამაზე დიდ ტურნირზეც უნდა მოვხვდეთ"
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კიოლნში დასრულდა მერვედფინალური დაპირისპირება, სადაც ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს 4:1 მოუგო და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. ქართველებისთვის მატჩი კარგად დაიწყო, საკუთარ კარში ბურთი ლე ნორმანდმა ჩაჭრა და დავწინაურდით, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ესპანელებმა გაათანაბრეს, მეორე ტაიმში კი წნეხი გაზარდეს და თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ლოგიკური შედეგი დააფიქსირეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა.
ჩვენი გუნდის გამოსვლას დადებითად ვაფასებ, ოცნება ავისრულეთ და ჯგუფიდან გავედით. რაც შეეხება მეტოქეს, უძლიერესი იყო და ბოლომდე ვიბრძოლეთ, ცოტა არ გაგვიმართლა კიდეც. პირველი გოლის მომენტი ალბათ 50/50-ზე იყო, მაგრამ მგონია, რომ მსაჯს არ უნდა ჩაეთვალა, მორატა მამარდაზე ზემოქმედებას ახდენდა.
საერთო ჯამში ყველას თამაშს დადებითად ვაფასებ, დაგვაკლდა გამოცდილებაც, მაგრამ ყველაფერი ახლა იწყება და ხშირად უნდა ვითამაშოთ ასეთ და ამაზე დიდ ტურნირებზე.
უდიდესი მადლობა გულშემატკივრებს, არ ველოდით, რომ დღეს ამდენი იქნებოდნენ, რადგან არავინ ელოდა ჩვენს ჯგუფიდან გასვლას. მადლობა ყველას, ასეთი ერთიანობით უფრო წინ წავალთ - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ
ესპანეთი მეოთხედფინალში მასპინძელ გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ნაგელსმანის გუნდმა გუშინ დანია დაამარცხა და ორი ფავორიტი ნაკრები ერთმანეთს 1/4 ფინალში გადაეკვეთება.