Belive

ხეტაფესთან სათამაშოდ მზად იქნება | რაფინიას ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა

17 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბარსელონას გულშემატკივრებისთვის კარგი ამბებია - კატალონიური გრანდის ბრაზილიელმა ლიდერმა, რაფინიამ, ეროვნული ნაკრების ბანაკის ნაადრევად დატოვებისა და ავსტრალიიდან ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, ჟოან გამპერის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ესპანური გამოცემების, 'Mundo Deportivo'-სა და 'MARCA'-ს ცნობით, 29 წლის შემტევს კუნთის სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება და მარჯვენა ბარძაყის არეში არსებული დისკომფორტი საგანგაშო არ აღმოჩნდა, რის შედეგედაც იგი მზად იქნება 10 ოქტომბერს ხეტაფესთან გასამართი მატჩისთვის.

შეგახსენებთ, რომ რაფინიამ ბრაზილიის ნაკრების შეკრება ვადაზე ადრე დატოვა. ავსტრალიასთან გამართულ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში (2:2) მან სრულად, 96 წუთი ითამაშა, ხოლო მეორე მატჩში (4:2 გამარჯვება) ტაიმის შემდეგ შეიცვალა.

ბარსელონას ქომაგებში შიში სრულიად გამართლებული იყო, რადგან გასულ სეზონში ბარძაყის ანალოგიურმა ტრავმებმა ბრაზილიელს სეზონის დიდი ნაწილი გამოატოვებინა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორივე შეხვედრა მადრიდის ატლეტიკოსთან. გარდა ამისა, კლუბის სამედიცინო შტაბს სურს დეტალურად გაარკვიოს, თუ რატომ ბრუნდება ფეხბურთელი ეროვნული გუნდიდან რეგულარულად ფიზიკური პრობლემებით.

მიუხედავად იმისა, რომ რაფინიამ ხეტაფესთან თამაშის უფლება მიიღო, ჰანსი ფლიკს სერიოზული ფიქრი მართებს - მიმდინარე სეზონში გატანილი 14 გოლით ბრაზილიელი ბარსას შეუცვლელი ფიგურაა, თუმცა, გადატვირთული კალენდრისა და წინ მოსალოდნელი უმძიმესი მატჩების გათვალისწინებით, ფლიკი შესაძლოა იძულებული გახდეს, ხეტაფესთან რაფინია დაასვენოს და მის პოზიციაზე გაბრიელ ჟეზუსი, ენტონი გორდონი ან კარიმ ადეიემი გამოიყენოს.

სხვა სტატიები