ხავიმ პასუხისმგებლობა აიღო | მთავარი მწვრთნელი გუნდს 30 ივნისს დატოვებს
"ვილიარეალთან" საშინაო შეხვედრა, რომელშიც "ბარსელონა" 3:5 დამარცხდა, როგორც ჩანს, ზედმეტად მტკივნეული აღმოჩნდა და ხავიმ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. კატალონიელებს საშინელი პერიოდი უდგათ, 2024 წელს ტოპ 5 ჩემპიონატში მათზე მეტი გოლი არავის გაუშვია. ბარსელონას საკუთარ მოედანზე 1963 წლის შემდეგ არ მიუღია 5 გოლი და ამას ემატება "კლასიკოში" განადგურებაც. ბარსელონა გამოვარდა სამეფო თასიდანაც და ჩემპიონატშიც საქმე რთულად აქვს.
მესმის, რომ წაგებაში ფეხბურთელები არიან დამნაშავე, მაგრამ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ტენდენცია უნდა შეიცვალოს, ჩემპიონატი ძალიან რთულია ჩვენთვის.
რაც შეეხება მატჩს, ჩვენ ვიმსახურებდით გამარჯვებას, გავაკეთეთ ყველაზე რთული - თამაშში დავბრუნდით. ამის შემდეგ ბურთს ხშირად ვკარგვდით. 3;3-ზე ტაქტიკური ხასიათის შეცდომა არ დაგვიშვია. საბოლოო ანგარიში არ ასახავს იმას, რაც თამაშის დროს ვნახეთ. ეს მძიმე დარტყმაა, გუნდი ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მაგრამ ჩვენი კლუბი უფრო რთული სიტუაციებიდანაც გამოსულა. - განაცხადა ხავი ერნანდესმა ვილიარეალთან თამაშის შემდეგ
პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ბარსელონას კურსის შეცვლა სჭირდება, ის კი დარწმუნებული არაა რამდენად მოახერხებს ამის გაკეთებას და პასუხისმგებელია ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ხავი ბარსელონას მთავარ მწვრთნელად 2021 წლის 6 ნოემბერს დაინიშნა, ამ დროის შემდეგ მან გუნდს 122 თამაშიდან 75 მოაგებინა, 26-ში დამარცხდა, 21 კი ფრედ ითამაშა. ბარსელონას მწვრთნელის რანგში ხავიმ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
Xavi Hernández: "I want to announce that on June 30 I will no longer continue as the coach at Barça. I think the situation needs to change course, and as a culer, I cannot allow the current situation." pic.twitter.com/VSEfG2zRNt
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 27, 2024