ხაბი ალონსო: "მოვიგეთ, მაგრამ მეტი უნდა გაგვეტანა"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგაში სეზონის პირველი 'ელ კლასიკო' შედგა. მეათე ტურში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' რეალმა ბარსელონა მიიღო და 2:1 დაამარცხა. მბაპესა და ბელინგემის გოლებს ფერმინ ლოპესმა უპასუხა - შედეგი ზუსტად არ ასახავს იმას, თუ როგორ აკონტროლებდნენ მასპინძლები მატჩის მიმდინარეობას. რეალს გაცილებით დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო, რაც ხაბი ალონსომ პრესკონფერენციაზეც აღნიშნა.
ბიჭებს სჭირდებოდათ დიდ თამაშში ჯერ კონკურენტუნარიანობის და შემდეგ მისი მოგების განცდა. ჩვენ ბევრი შანსი შევქმენით და ძალიან კარგად ვითამაშეთ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.
ის ფაქტი, რომ გულშემატკივრებს კვლავ შეუძლიათ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე და დომინანტური გუნდით ტკბობა, ძალიან მნიშვნელოვანია. მოვიგეთ, მაგრამ უფრო მეტი უნდა გაგვეტანა.
ვინის რეაქცია შეცვლის შემდეგ? ვინიმ დღეს შესანიშნავი თამაში ჩაატარა და ეს არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მომხდარიყო ამის შემდეგ, შეგვიძლია ამაზე პირადად ვისაუბროთ - ეს ახლა არაა მთავარი.
დღეს უბრალოდ ის გამახარებს, თუ ფანები ბედნიერები იქნებიან და ვფიქრობ, რომ ეს ასეა. - განაცხადა ხაბი ალონსომ
წინა სეზონში, ბარსელონამ რეალს ოთხივე ელ კლასიკო მოუგო, ამიტომ 'სამეფო კლუბისთვის' და პირადად ალონსოსთვის, ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრას წინ უძღოდა დაძაბულობაც, რაც ლამინე იამალის უხეშმა რეპლიკებმა გამოიწვია - მატჩის დასრულების შემდეგ ამ ამბავს გაგრძელება და მცირე კონფლიქტებიც მოჰყვა.
მე-10 ტურის შემდეგ, რეალი ცხრილის პირველ ადგილზეა და ბარსელონას 5 ქულით უსწრებს.