უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, ბრატისლავის "სლოვანმა" სტუმრად, ბუდაპეშტში, "ფერენცვაროში" - 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელის, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებაში, რომელიც მოვლენათა განვითარების სცენარით 1 კვირის წინ, ბათუმში მოგებულ შეხვედრას წააგავდა, უმნიშვნელოვანესი წვლილი ქართველმა ფეხბურთელებმა შეიტანეს.
ეროვნული გუნდის ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულადაც ითამაშეს, რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, მან უნგრეთის დედაქალაქში გამართულ მატჩში ვლადიმირ ვაის უმცროსი 73-ე წუთზე შეცვალა და მოედანზე შევიდა.
81-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება სტანდარტული სიტუაციის შემდეგ თავური დარტყმით, გურამ კაშიამ შეძლო, ხოლო 4 წუთის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძის პასით "დინამო ბათუმისთვის" ცუდად მოსაგონარმა ტიგრან ბარსეგიანმა გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.
https://www.live.ge/fexburti/guram-kashiam-pherentsvaroshs-gautana-video/
https://www.live.ge/fexburti/chakvetadzis-pasi-da-barsegianis-goli-pherentsvaroshis-karshi-video/
რაც შეეხება უნგრული კლუბის ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ხარაიშვილს, იგი განაცხადში არ ყოფილა. მას მთავარ გუნდში თამაში ტრავმის შემდეგ უკვე წელიწადზე მეტია არ უწევს.
უნგრეთის მოქმედ ჩემპიონს ქართველების გუნდი 27 ივლისს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. ამ ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, სლოვაკეთის ჩემპიონს უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული ექნება.