კარლსრუე ჰამბურგთან დამარცხდა | ბუდუ ზივზივაძის შეფასება
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-14 ტურში "კარლსრუემ" "ჰამბურგს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. კარლსრუესთვის ეს ზედიზედ მეოთხე მოუგებელი მატჩია საკუთარ კედლებში (2 ფრე და 2 მარცხი). პირველი ტაიმის პირველი ნახევარი აშკარად სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და მეკარის შეცდომით დომპემ ისარგებლა - ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა. პირველ ნახევარში დარჩენილი დრო მასპინძელთა დომინაციით წარიმართა და შლოიზენერმა 36-ე წუთზე გაათანაბრა, საგოლე პასი ვანიცეკმა ჩაიწერა, რომლისთვისაც ეს მე-10 საგოლე გადაცემაა ჩემპიონატში.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მატჩის გმირი დომპე გახდა, რომელმაც დუბლი ბრწყინვალე დარტყმით 55-ე წუთზე შეასრულა. წერტილი მატჩის მიწურულს ზელკემ დასვა, კონტრშეტევაზე სრაფად გადასული ჰამბურგის ბოლო გოლი სწორედ მან გაიტანა.
ბუდუ ზივზივაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია, თუმცა ინდივიდუალურად აქტიურობით გამოირჩეოდა. sofascore-მა და whoscored-მა ბუდუს შესაბამისად 7.1 და 6.8 შეფასება დაუწერა.
კარლსრუე მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეორედან მეხუთე ადგილის ჩათვლით, ყველა გუნდს 23 ქულა აქვს.