Belive

კარლო ანჩელოტი პიკეს სიტყვებმა გააბრაზა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდი" ჩემპიონთა ლიგის არსებობის განმავლობაში უდავოდ ყველაზე წარმატებული კლუბია. ჩემპიონთა ლიგის 14 ტიტული - ეს ის შედეგია, რომლის განმეორებაც ძალიან რთული იქნება. მეტსაც გეტყვით, მასთან მიახლოვებაც ბევრი კლუბისთვის წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, ჟერარ პიკე "სამეფო კლუბის" მიღწევებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ეჭვის თვალით უყურებს.

Diario AS-თან საუბრისას "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა განაცხადა, რომ კატალონიელების გამარჯვებები უფრო დასამახსოვრებელი იყო. პიკემ ისიც თქვა, რომ წლების შემდეგ "რეალის" 14 ჩემპიონობა არავის ემახსოვრება. ბუნებრივია, რომ ამ სიტყვებმა "რეალის" გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია. პიკეს ნათქვამს გამოეხმაურა მადრიდელთა თავკაცი კარლო ანჩელოტიც.

„პიკეს სიტყვები? ის საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. ჩემპიონთა ლიგის 14 ტიტულს არავინ დაივიწყებს. ჩვენ ეს მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის განსაკუთრებული შეჯიბრია. "რეალ მადრიდმა" თავისი ისტორია ამ შეჯიბრზე ააშენა. - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონიც "რეალმა" კარგად დაიწყო. მადრიდელებმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგეს და 12 ქულით პირველ ადგილზე არიან. "ბრაგასთან" გუშინ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდმა 1/8-ფინალის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.

სხვა სტატიები