Belive

კარლ-ჰაინც რუმენიგეს საინტერესო ახსნა, თუ რატომ ურჩევნია მარადონა მესის

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ და 2-გზის ოქროს ბურთის მფლობელმა - კარლ-ჰაინც რუმენიგემ საინტერესო განმარტება გააკეთა, თუ რატომ ურჩევნია დიეგო მარადონა ლეო მესის.

"მარადონასა და მესის შორის ყოველთვის მარადონას ავირჩევ. დიეგო უდავოდ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია - მას სხვანაირი სტილი ჰქონდა, თანაც ჩვენს დროს ფეხბურთის თამაში გაცილებით უფრო რთული იყო.

იმ თაობას, რომელიც მარადონას თამაშს ცოცხლად ვერ მოესწრო, ნანახი ექნება ვიდეოები, თუ რას უშვებოდნენ დიეგოს მეტოქეები - როგორი გამეტებით ურტყავდნენ წვივებში, თუმცა ის არ ვარდებოდა, დგებოდა და ტკივილის მიუხედავად იგივე საოცრებას აკეთებდა, რა ჩანაფიქრიც ჰქონდა.

მე არ ვამბობ, რომ მესის მეტი არ გაუკეთებია, თუმცა დღევანდელი ფეხბურთი სრულიად სხვა რამ არის იმასთან შედარებით, რაც ჩვენ დროს იყო.

დღეს მსაჯები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ფეხბურთზე - მესი დაცულია წესებითა და მსაჯებით, რაც მარადონას ზურგს არასდროს უმაგრებდა..." - კარლ-ჰაინც რუმენიგე
დიეგო მარადონა და კარლ-ჰაინც რუმენიგე

შეგახსენებთ, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგე მსოფლიო ფებხურთის ლეგენდაა. მას გერმანიის ნაკრებთან ერთად 1980 წელს ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული, სწორედ ამ წელს იგი საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად დასახელდა და ამასთანავე კარიერაში პირველი ოქროს ბურთი მოიგო. მომავალ წელს კი მან ზედიზედ მეორედ შეძლო ოქროს ბურთის მოგება.

რუმენიგეს კარიერის განმავლობაში მხოლოდ 3 გუნდში აქვს ნათამაშები: მიუნხენის "ბაიერნში"; "ინტერსა" და "სერვეტში", ამ კლუბებში კი 7-ჯერ შეძლო ჩემპიონატების ბომბარდირობა.

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ახლა მიუნხენის "ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

სხვა სტატიები