კარგუშაგი, ერგმცველი და სხვ. | ძველი საფეხბურთო ტერმინები გიორგი კეკელიძის ბლოგში
3 წლის წინ
ფეხბურთი
6 წთ
ჟურნალი "მართვე" ფეხბურთზე პუბლიცისტთა შერკინებებსაც კი გვთავაზობდა. ერთი იყო ასეთი – გურამ პეტრიაშვილი და არჩილ გოგელია დავობდნენ (ორი ნაშრომისოდენა სტატიით), შეიძლებოდა თუ არა სტადიონზე ემოციური შეძახილები და გინება, თუ უფრო აკადემიური მოქცევა სჯობდა. არ მახსოვს რომელმა გაიმარჯვა. თუნდაც ოლდ ტრაფორდის მშფოთვარე არენამ განსაჯოს. ისე, თავიდან ეგრე იყო - ივერიაში ეწერა, გურულები და მეგრელები ბურთაობაში შეეჯიბრნენო, მეგრელები ორჯერ მეტნი იყვნენ და მოუგესო, მერე ამას მოჰყვა პირველი მერცხლის ამბები და ფოთური შფოთვა. ეს სხვა ბურთაობაა - ლელოსი. სერ ალექსის არ იყოს, ფეხბურთმა, ამ სისხლიანმა ჯოჯოხეთმა ჩვენს მამულშიც დაიდო ბინა - ვნებებით, ტკივილით, გენიოსებით, ზარმაცი გენიოსებით და უბრალოდ ზარმაცებით. იმედგაცრუებით და იშვიათი სიხარულით, რომელიც ხანდახან ეროვნული გამოხატვის ერთადერთ იარაღად თუ გამოდგებოდა. ჟურნალი ლელო სულაც 1934 წელს ჩაისახა, თუმცა მისი ფურცლები, უმეტეს შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის დღევანდელ ტელევიზიას ჰგავდა, რომლის ინფორმაციითაც, იქაურებმა ბრაზილიის ნაკრები გააკრეს ბეჭზე და ახლაც ხარობენ. „დათბობის” მერე კრიტიკაც წამოცდათ, მაგრამ ეს „საწყობის გამგეების” გაკიცხვის პროპაგანდის ნაწილი იყო – სხვა სიმაღლეებს იშვიათად ეხებოდნენ.
ფეხბურთის შესახებ პირველი წიგნი – „თამაშის თეორია” – საქართველოში, 1910 წელს გამოვიდა. რუსულად. ქართულ ენაზე ფეხბურთის თამაშის წესები 1925 წლითაა დათარიღებული. მისი გაუმჯობესებული ვერსია, როგორც გარეკანზე აქვს მითითებული – „კომენტარიებით” და გრომოვის რედაქციით, 1934 წელს გამოსცეს. ამავე წიგნში არის ინგლისური (ან რუსული) ტერმინების გადმოქართულების პირველი სერიოზული მცდელობა. გამხიარულდებით – ზოგიერთს აქ მოგიყვანთ, სტილის დაცვით:
- გოლკიპერი (გოლერი) – კარგუშაგი ანუ მეკარე;
- ბეკი – მცველი, მომგერებელი (მარჯვენა და მარცხენა);
- ხავბეკი – ერგმცველი;
- ფორვარდი – მარბი;
- ინსაიდი (მარჯვენა და მარცხენა) – შუამარბი (მოიერიშე ანუ მარბი, რომელიც დგას ცქიტმარბსა და გარემარბს შორის) (მარჯვენა და მარცხენა);
- გოლი – კარში შეგდებული ბურთი;
- გოლშტანგი – კარის გვერდითი ბოძი, კარის ბჭე;
- აუტი – გარე. ბურთის გასვლა თამაშიდან მოედნის გვერდითი ან პირითი ხაზსაზღვარს იქით;
- კორნერი – ბურთის გასვლა მოედნის პირითი ხაზსაზღვარს იქით იმ გუნდის მოთამაშის ფეხზე ან სხეულის სხვა ნაწილზე გაკარების შემდეგ, რომელსაც ეკუთვნის ეს პირითი ხაზსაზღვარი;
- ოფსაიდი – თამაშგარე;
- პენდელი – თერთმეტმეტრიანი გარტყმა;
- ფოლი – უხეში ილეთი თამაშში, ჯარიმა;
- ხეინსი – ხელი, ბურთის ხელით თამაში განზრახვით;
- ფრიკეტი – ბურთის არასწორი გადმოგდება აუტიდან;
- ობერი – ზეცდენი, ბურთის გადაფრენა კარს ზევით;
- შუტი – ფეხის გარტყმა ბურთისათვის;
- პასსი – ბურთის გადაცემა პარტნიორისთვის
- ლაიანსმენნი – პირითი ან გვერდითი ხაზსაზღვარზე მდგომი მსაჯი
- ხავტაიმი – ერგხანი, ათწუთიანი შესვენებით განსაზღვრული თამაში ნახევარი (45 წუთის თამაში)