Belive

კანსელუ: "ყველაფერს ჩემი გარდაცვლილი დედისთვის ვაკეთებ"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"მანჩესტერ სიტისა" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა, ჟოაუ კანსელუმ, ემოციურ და გულწრფელ ინტერვიუში 9 წლის წინ გარდაცვლილი დედის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელის თქმით, მისი ნამოქმედარის უკან, ყოველთვის ავტოავარიაში დაღუპული ფილომენა კანსელუ დგას. ტრაგედიის შემდეგ, ჯერ კიდევ დამწყებ ფეხბურთელმა, დეპრესიის ფონზე სრული დემოტივაცია განიცადა, თუმცა სურვილმა, რომ დედას მისით ეამაყა, ყველაფერი გადაწონა.
"ჩვენ ბევრი სირთულე გავიარეთ, მკაფიოდ მახსოვს პერიოდი, როდესაც სახლში ფული საერთოდ გვქონდა. მინდოდა, შემექმნა ისეთი ცხოვრება, რომელიც მას უკეთეს მომავალს შეუქმნიდა - ისეთს, სადაც მას მუშაობა აღარ მოუწევდა. დღეს კი, სადაც არ უნდა იყოს, ვიცი, რომ ჩემით ამაყობს. ის მხიარული ადამიანი იყო. დაღლილობის დროსაც კი, ჩემსთვის და ჩემი ძმისთვის დროს ყოველთვის პოულობდა.

"დედის გარდაცვლების შემდეგ, რობოტივით ვიქცეოდი - უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებდი. მივდიოდი სავარჯიშოდ, ვბრუნდებოდი სახლში, შემდეგ კი მორიგი დღე თენდებოდა. ფეხბურთით სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი, ეს მოვალეობად გადაიქცა. საერთოდაც, ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი. დროთა განმავლობაში, ფეხბურთი ისევ შემიყვარდა, სახეზე კი ღიმილი დამეტყო. ცხოვრება ასეთია - როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი დანაკარგი, ჩვენ კვლავ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. როდესაც რაიმე მნიშვნელოვანს ვაღწევ, ძალიან მინდა დედასთან ამისი გაზიარება, ეს ყოველთვის მაკლია. გულში ყოველთვის სიცარიელეს ვგრძნობ, რადგან ის ჩემთან ფიზიკურად არ იმყოფება. ყოველთვის, როდესაც პორტუგალიაში მივდივარ, მის საფლავს ვნახულობ და თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ - მიუხედავად იმისა, რომ მას ფიზიკურად ვერ ვეხები, მაინც ახლოს ვარ. ამ დროს, ჩემში ნეგატიური ემოციები ქრება და ცხოვრებას უფრო ბედნიერ ფერებში ვხედავ", - თქვა კანსელუმ Champions Journal-თან საუბრისას.

კანსელუ "სიტიში" 2019 წელს, "იუვენტუსიდან" გადავიდა. დროთა განმავლობაში, "ბენფიკასა" და "ვალენსიას" ყოფილი ფეხბურთელი, პეპ გვარდიოლას გუნდის უცვლელი წევრი გახდა - ესპანელმა სპეციალისტმა მას ფლანგი შეუცვალა და მარცხენა მხარეს განამწესა. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე 42 მატჩი და 3 გატანილი გოლია.

სხვა სტატიები