Belive

კანსელუ ბარსაში გადადის

8 თვის წინ ფეხბურთი
5 წთ

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თანახმად, ჟაოუ კანსელუს "ბარსელონაში" გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია.

როგორც ცნობილია, პორტუგალიელი განაპირა მცველი "ბლაუგრანას" იჯარის წესით შეუერთდება. თუკი მომავალში მხარეები შეთანხმდებიან, კონტრაქტის თანახმად, "ბარსელონას" კანსელუს შეძენის უფლებაც ექნება.

გასული სეზონის პირველ ნახევარში, ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა კანსელუმ ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი და კატარიდან დაბრუნებულმა, "სიტის" ძირითად შემადგენლობაშიც დაკარგა ადგილი. ამის შემდეგ, ნახევარი სეზონი "ბაიერნში" გაატარა, საიდანაც კვლავ "სიტის" დაუბრუნდა - გუნდს, სადაც მისი დარჩენა არავის სურს.

რა მოხდა სიტიში?

კაილ უოლკერისა და ფილ ფოდენის მსგავსად, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა. ლონდონის "ჩელსისთან" მატჩი იყო პირველი, სადაც მას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უნდა ეთამაშა და ძირითადში დაიწყო კიდეც, თუმცა მეორე ტაიმში, პეპმა იგი სკამზე დასვა. The Athletic-ის თანახმად, ემოციურობით გამორჩეული კანსელუ გაცეცხლებული იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ, კანსელუ მოედანზე კვლავ "ჩელსისთან" შეხვედრაში ვიხილეთ. ამჯერად, მოედანზე მან 32 წუთი გაატარა, რასაც მისი გუნება-განწყობილება უკეთესობისკენ ნამდვილად არ შეუცვლია.

11 იანვარი, საუთჰემპტონთან გასვლითი მატჩი

სიტუაციის გამოსასწორებლად, გვარდიოლასგან შანსი მიიღო და ჯერ "საუთჰემპტონთან", შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედთან", 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. ამ ორ მატჩში, "სიტიმ" 4 გოლი გაუშვა და ორივეში დამარცხდა, კანსელუ კი მოედანზე არადამაჯერებლად მოქმედებდა (განსაკუთრებით "საუთჰემპტონთან" მატჩში).

19 და 22 იანვარი, შეხვედრა "ტოტენჰემთან" და "ვულვზთან"

"ტოტენჰემთან" შეხვედრის შემდეგ, ყველასთვის ყველაფერი ცნობილი იყო. კანსელუმ თანაგუნდელებთან პირდაპირ გაამხილა თავისი ემოციები, პეპმა მისი ადგილი 18 წლის რიკო ლუისს ანდო.

სამწვრთნელო შტაბი კანსელუს საკითხზე ბევრს ფიქრობდა, რადგან პორტუგალიელის ემოციები გავლენას გუნდზეც ახდენდა. გვარდიოლას მმართველობაში, არავინ დგას გუნდზე მაღლა, ლიდერებიც კი.

იგივე რამ მოხდა "ვულვზთან" თამაშის დღეს: "ეტიჰედზე" მისვლისთანავე, კანსელუმ ავტობუსიდან პირდაპირ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. რიკო ლუისი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იდგა და იგი ნიდერლანდელმა აკემ შეცვალა - ფეხბურთელმა, რომელიც მანამდე ცენტრალური მცველებისა და კანსელუს შემცვლელად თამაშობდა.

27 იანვარი, არსენალთან საშინაო მატჩი

გვარდიოლას არაერთხელ უთქვამს, რომ კანსელუს ფეხბურთის თამაში ბავშვურად უყვარს - ისევე, როგორც ფილ ფოდენს, რომელიც ბურთის გარეშე 1 დღესაც არ ატარებს. 2022 წლის 1 იანვარს, პორტუგალიელმა "არსენალთან" იარით ითამაშა - წინა ღამით, მის ოჯახს 4 მძარცველი დაესხა თავს.

კანსელუ ძლიერი, თუმცა რთული პიროვნებაა. ბევრი რამ აქვს გადალახული, მათ შორის დეპრესიის ფონზე სრული დემოტივაცია, რაც დედის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ განიცადა.

"მინდოდა, შემექმნა ისეთი ცხოვრება, რომელიც მას უკეთეს მომავალს შეუქმნიდა – ისეთს, სადაც მას მუშაობა აღარ მოუწევდა. დედის გარდაცვლების შემდეგ, რობოტივით ვიქცეოდი – უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებდი. მივდიოდი სავარჯიშოდ, ვბრუნდებოდი სახლში, შემდეგ კი მორიგი დღე თენდებოდა. ფეხბურთით სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი, ეს მოვალეობად გადაიქცა. საერთოდაც, ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი. დროთა განმავლობაში, ფეხბურთი ისევ შემიყვარდა, სახეზე კი ღიმილი დამეტყო. ცხოვრება ასეთია – როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი დანაკარგი, ჩვენ კვლავ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ", - თქვა კანსელუმ Champions Journal-თან საუბრისას.

ლონდონის "არსენალთან" შეხვედრა მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა: მწვრთნელმა კიდევ ერთხელ არ ათამაშა, კომენტარში კი პორტუგალიელი ხაზგასმით, "ბატონი კანსელუთი" მოიხსენია. ამის შემდეგ, კანსელუმ ტაქტიკურ შეხვედრას ყურადღება არ დაუთმო და არც მწვრთნელების ინსტრუქციები მოუსმენია.

28 იანვარს, პორტუგალიელის Instagram-ზე ე.წ. "სთორი" გამოქვეყნდა, წარწერით: "არავის მისცე უფლება, ჩაგაქროს".

პეპმა და კანსელუმ ერთად გადაწყვიტეს, რომ ამ უკანასკნელის გუნდიდან წასვლა ორივე მხარისთვის სარგებლიანი იქნებოდა. სწორედ ამ დროს, ასპარეზზე "ბაიერნი" გამოჩნდა, რომელმაც, იჯარის წესით, სეზონის შუაგულში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველი უფასოდ დაიმატა.

ახლა კი ჯერი "ბარსელონაზეა" - საინტერესოა, რამდენად მოახერხებს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული განაპირა მცველი რეაბილიტაციასა და იმ ფორმის დაბრუნებას, რომლითაც როგორც შეტევაში, ასევე დაცვით ხაზში, გამორჩეული იყო.

სხვა სტატიები