Belive

კანკავას გამარჯვების გოლი - ქართველები თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სლოვაკეთის თასის 1/2ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა "სკალიცასა" და ბრატისლავის "სლოვანს" შორის დრამატული გამოდგა და ფინალისტის ბედი დამატებით ტაიმებში გადაწყდა.

მას შემდეგ, რაც საშინაო კედლებში მოქმედმა ჩემპიონმა 2:1 იმარჯვა, ამჯერად, მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდა და ძირითად დროში 2:3 დამარცხდა. მატჩმა დამატებით ტაიმებში გადაინაცვლა და გამარჯვების გოლის გატანა 93-ე წუთზე, ჯაბა კანკავამ მოახერხა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გოლის გატანა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო. მისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე, "სლოვანის" რიგებში კი მეოთხე გოლი იყო.

ეროვნულ გუნდში 100 მატჩის ჩამტარებელმა ფეხბურთელმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. 36 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ძირითადი დროის დამატებულ მეექვსე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის ამჯერადაც სასტარტო თერთმეტეულში იყო და მოედანი 84-ე წუთზე, დატოვა, საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი კაპიტანი, გურამ კაშია კი თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო.

სლოვაკეთის 12-გზის ჩემპიონი და თასის 17-გზის მფლობელი ქვეყნის თასის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და სწორედ იმ გუნდთან რევანშის აღებას შეეცდება, რომელთანაც წინა სეზონის გათამაშებაში, დამატებით ტაიმებში დამარცხდა - "სლოვანი" "სპარტაკ ტრნავას" დაუპირისპირდება. რაც შეეხება გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას, მათ სლოვაკეთის თასის ფინალის საგზური ზედიზედ მეორე წელს მოიპოვეს. ფინალური შეხვედრა 1 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ჩემპიონატს, ფორტუნა ლიგაში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ გუნდს შემდეგი მატჩი 23 აპრილს, "ჟილინას" წინააღმდეგ ელოდება.

სხვა სტატიები