Belive

ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელს ნიუკასლში დაბრუნება სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ვიცით, რომ სანტიაგო მუნიესია და არა ჯოტია ცაავა. ისიც გვახსოვს, რომ "გოლი" დრამაა და მას "შტანგა გოლი" სულაც არ ეწოდება. თუმცა ქართველი მაყურებელისთვის, ზუგდიდიდან "დინამო თბილისში" გადასული ჯოტია ცაავას წარმატების ისტორია გაცილებით დასამახსოვრებელი გამოდგა, ვიდრე სანტიაგო მუნიესის სირთულეებით აღსავსე ცხოვრება - ეს კი, ფილში არსებული "ფრთიანი ფრაზების" სიუხვით შეგვიძლია ავხსნათ. ახლა რაც შეეხება კუნო ბეკერს, რომელიც ფილმში სანტიაგო მუნიესის, იგივე ჯოტია ცაავას როლს ასრულებს: როგორც ცნობილია, დიდი ხნის წინ, მას ფეხბურთთან არაფერი აკავშირებდა და ბავშვობაში კლასიკური მუსიკით იყო გატაცებული. მოგვიანებით, მან პროფესია შეიცვალა და მსახიობობა გადაწყვიტა. როგორც ბეკერი ამბობს, ფილმში მონაწილეობის შემდეგ, ის "ნიუკასლის" მხურვალე ქომაგი გახდა.
"ნიუკასლის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემი მეგობრები მეკითხებოდნენ - როგორ უნდა ითამაშო ეს როლი? ბავშვობიდან ვიოლინოთი ვიყავი გატაცებული და არა ფეხბურთით, თუმცა ამ ფილმმა ფეხბურთი შემაყვარა," ამბობს ბეკერი.
GOAL! THE DREAM BEGINS

ფილმის გადაღებიდან 15 წლის შემდეგ, 42 წლის კუნო ბეკერი გადაღების პერიოდს იხსენებს: "ფილმის პრემიერის შემდეგ, ნიუკასლში ერთხელაც არ ვყოფილვარ. სიამოვნებით დავბრუნდებოდი, ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. "გოლი" ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მან ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში." კუნო ბეკერი დღეს ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და როგორც ამბობს, ხალხი მას ქუჩაში დღემდე სანტიაგო მუნიესს ეძახის. "ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, დროთა განმავლობაში გავიაზრე, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ფილმს," აღნიშნა ბეკერმა.
ცნობილია, რომ ფილმის გამოშვების შემდეგ, "ნიუკასლმა" ფეხბურთის გულშემატკივრებსა და კინოს მოყვარულებს შორის, ცნობადობა მნიშვნელოვნად გაზარდა. "ნიუკასლის" პარაგვაელი ფეხბურთელის, მიგელ ალმირონის განცხადებით, მისი კუმირი ბავშვობიდან სანტიაგო მუნიესი იყო (მისთვის სანტიაგო, ჩვენთვის – ჯოტია). საინტერესო ფაქტია, რომ სანტიაგო მუნიესის მსგავსად, მიგელ ალმირონი სამხრეთ ამერიკელია. მეტიც, იგი მამასთან ერთად მუშაობდა და დამატებითი ფულის გამომუშავების მიზნით, ჩინურ რესტორანშიც მუშაობდა. მიგელ ალმირონის მსგავსად, “ნიუკასლის” მოქმედმა ფეხბურთელმა, ისააკ ჰეიდენმაც აღნიშნა, რომ მოზარდობის პერიოდში, მისი საყვარელი ფილმი “გოლი” იყო: “როდესაც “გოლს” ვუყურე, ვიფიქრე, რომ სენტ ჯეიმს პარკი შესანიშნავი სტადიონი იყო, სადაც გოლების გატანას მეც სანტიაგო მუნიესივით ვიზეიმებდი. ამ ფილმმა მე “ნიუკასლთან” პირდაპირ დამაკავშირა," აღნიშნა ჰეიდენმა Northern Echo-სთან საუბრისას.  

სხვა სტატიები