ჯორდან პიკფორდი: "ყურადღება სრულად მესიზე არ უნდა იყოს მიმართული"
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრების მეკარემ, ჯორდან პიკფორდმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში არგენტინასთან შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. ინგლისელმა გოლკიპერმა გუნდს სიმშვიდისკენ მოუწოდა, მეტოქის ლიდერის, ლიონელ მესისადმი პატივისცემა გამოხატა, თუმცა აღნიშნა, რომ მთელი კონცენტრაცია მხოლოდ მასზე არ უნდა გადაიტანონ.
"ყველა მესიზე ილაპარაკებს, რადგან ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ის შესაძლებლობები და ნიჭი, რაც ჩვენს გუნდში გვაქვს, როგორც შეტევასა და დაცვაში, ისე გუნდურ ერთიანობაში. ჩვენ ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ ოთხშაბათს ნამდვილი შოუ ვაჩვენოთ.
ვფიქრობ, მთელი ტურნირის განმავლობაში აშკარაა ჩვენი მოგების წყურვილი. ამავდროულად, ზედმეტ კამათსა და შეხლა-შემოხლაში არ ავყოლილვართ. მსაჯის გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ იქნება თუ საწინააღმდეგოდ, ჩვენ უბრალოდ ვმშვიდდებით, თამაშს თავიდან ვიწყებთ და მოედანზე ფეხბურთით ვცემთ პასუხს. ჯარელ ქუანსას წითელი ბარათის გარდა, არც დისკვალიფიკაციები გვქონია და არც ზედმეტი ყვითელი ბარათები მიგვიღია.
ეს არის ბრძოლა ფინალის საგზურისთვის და ეს უბრალოდ ფეხბურთია: 90 წუთი, 120 თუ პენალტების სერია. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ეს არის მატჩი ჩვენსა და მათ შორის და მთავარია, ვინ გამოვა გამარჯვებული. ჩვენ ამისთვის სრულად ვართ მობილიზებულები", - ამბობს ჯორდან პიკფორდი.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი ინგლისისა და არგენტინის ნაკრებებს შორის 15 ივლისს, ჯორჯიის შტატში, ატლანტაში უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყოს.
The start of a big week in our @FIFAWorldCup journey.
— England (@England) July 13, 2026
Let's do it together, England fans. ❤️🦁 pic.twitter.com/yCsvgUPAkJ