ჯეიმი კარაგერი უპატივცემულობის გამოვლენაში დაადანაშაულეს
"ნიუკასლთან" გამართული მატჩის შემდეგ, ჯეიმი კარაგერი მოჰამედ სალაჰს ესაუბრა და გულშემატკივრების აზრით, უპატივცემულობა გამოავლინა.
პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩში, "ლივერპულმა" "ნიუკასლს" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მოჰამედ სალაჰი გახდა, რომელმაც მართალია პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ თავი დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მო სალაჰი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გატანილი 14 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით, ბომბარდირთა დავას უდგას სათავეში. მიუხედავად ამისა, "ლივერპულს" გარკვეული პერიოდი სალაჰის გარეშე მოუწევს ასპარეზობა, რადგან სალაჰი აფრიკის ერთა თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით კარაგერმა სალაჰს კითხვა დაუსვა და გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ჯეიმიმ უპატივცემულობა გამოავლინა.
მო, "ლივერპულს" ტოვებ და აფრიკის ერთა თასზე საასპარეზოდ მიემგზავრები. როგორც "ლივერპულის" გულშემატკივარი გეკითხები, რამდენად ძლიერი გუნდი გყავთ და რამდენად სწრაფად დაბრუნდები უკან? - ჯეიმი კარაგერი.
მინდა, რომ აფრიკის ერთა თასი მოვიგო. მოხარული ვიქნები, თუ გავიმარჯვებთ. ჩემს გარეშე გუნდი ძალიან კარგად იქნება, ჩვენ ფანტასტიური ფეხბურთელები გვყავს და ნებისმიერ მათგანს შეუძლია ჩემს პოზიციაზე თამაში. ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც მე ვაკეთებ. - მო სალაჰი.
კარაგერის კითხვას სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები გამოეხმაურნენ, რომელთაც აღნიშნეს, რომ კარაგერმა სალაჰისა და ეგვიპტის ნაკრების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა. ფანები მიიჩნევენ, რომ კარაგერმა სალაჰს ჰკითხა, თუ როდოს გამოეთიშება ეგვიპტე აფრიკის ერთა თასს.