Belive

ჯეიმი კარაგერი მანჩესტერ სიტისთვის უპრეცედენტო სასჯელს ითხოვს

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჯეიმი კარაგერმა მანჩესტერ სიტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ვერდიქტის შემდეგ, კლუბს ტიტულები უნდა ჩამოერთვას. ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კლუბის მიერ ფინანსური წესების დარღვევებმა მისი ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის მიღწევებს სამუდამოდ მიაყენა ზიანი.

დამოუკიდებელმა კომისიამ სიტი ფინანსურ წესებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. პრემიერ ლიგამ ეს ვერდიქტი, სამშაბათს, ოფიციალურად დაადასტურა. თუ რა ტიპის სანქციები დაუწესებდა მანჩესტერულ კლუბს, ეს მომდევნო მოსმენაზე გადაწყდება.

დარღვევები 2009-დან 2018 წლამდე პერიოდში მოხდა. ამ ცხრა წლის განმავლობაში, სიტიმ პრემიერ ლიგა და ინგლისის ლიგის თასი სამჯერ, ხოლო ასოციაციის თასი ერთხელ მოიგო. კომისიამ დაასკვნა, რომ კლუბი ხარჯების დასამალად და შემოსავლების ხელოვნურად გასაზრდელად, სხვადასხვა ფიქტიურ შეთანხმებას იყენებდა.

Sky Sports-თან საუბრისას, კარაგერმა მოითხოვა, რომ სიტის, ამ დარღვევების პერიოდში მოპოვებული ყველა ტიტული ჩამოერთვას, თუმცა ლივერპულის ყოფილმა მცველმა აღნიშნა, რომ ეს ტიტულები მეორეადგილოსან კლუბებს ავტომატურად არ უნდა გადაეცეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამით, ლივერპულიც ისარგებლებდა.

ვფიქრობ, სიტის ამ პერიოდში მოგებული ტიტულები უნდა გაუუქმდეს. უნდა გადაეცეს თუ არა ისინი სხვა კლუბებს, ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ იმით, რაც მანჩესტერ სიტიმ გააკეთა, მხოლოდ საკუთარ ფეხბურთელებს არ მიაყენა ზიანი - ახლა მათ მიღწევებს ვეღარავინ უყურებს ისე, როგორც ადრე. - ჯეიმი კარაგერი

ტიტულების ჩამორთმევის გარდა, კარაგერი მიიჩნევს, რომ სიტის ხელმძღვანელობას უმაღლესი დონის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მან მკაცრად გააკრიტიკა ვერდიქტზე სიტის აღმასრულებელი დირექტორის, ფერან სორიანოს რეაქცია და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, როგორ შეიძლება კლუბის ამჟამინდელმა მფლობელებმა ინგლისურ ფეხბურთში საქმიანობა გააგრძელონ.

სხვა სტატიები