ჯანფრანკო ძოლამ ნაპოლი - მილანის დაპირისპირებაზე პროგნოზი გააკეთა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "მილანს" დაუპირისპირდება.
როგორც იტალიური, ისე ევროპული ფეხბურთისთვის გამორჩეულ ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებაზე პროგნოზი ნეაპოლელთა და იტალიის ნაკრების ლეგენდამ, ჯანფრანკო ძოლამ გააკეთა.
"სერია A საბოლოოდ დაბრუნდა? არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ჩვენი გუნდების ყოფნა ჩვენი ფეხბურთის პრობლემების გადაწყვეტაა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიზიდავთ ფეხბურთელებს, როგორც ამას ინგლისის, გერმანიის ან ესპანეთის ლიგები აკეთებენ. გასაუმჯობესებელი ბევრია, თუმცა ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ შედეგებით.
"ნაპოლის" "მილანთან" მძიმე მარცხის შემდეგაც კი აქვს დიდი შანსი, რომ ევროპულ ტურნირზე წინსვლა გააგრძელოს", - თქვა 56 წლის იტალიელმა, რომელიც ამჟამად იტალიის პროფესიული ლიგის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობს.
“მილანისა” და “ნაპოლის” პირველი მატჩი ოთხშაბათს, 12 აპრილს, მილანში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.