საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატში დაბრუნდა.
რუსული გამოცემა Championat.com-ის ინფორმაციით, 27 წლის ქართველმა კონტრაქტი პრემიერლიგაში ამოსულ "როტორთან" გააფორმა.
ვოლგოგრადურ კლუბსა და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილ ფეხბურთელს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ჯანოს ყოველთვიური ანაზღაურება მილიონი რუბლი იქნება, რაც 11 564 ევროს უდრის.
ანანიძე ბოლოს თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" თამაშობდა, სადაც 6 თვე გაატარა, კონტრაქტი 31 მაისს დაუმთავრდა და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
კვიპროსული გუნდის დატოვების შემდეგ, ანანიძე მოლაპარაკებებს "დინამო თბილისთან" და "დინამო ბათუმთან" აწარმოებდა, თუმცა ის სამშობლოში არ დაბრუნდა.