იური ტაბატაძე: "სეზონი პირველ ადგილზე უნდა დავასრულოთ"
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-9 ტურში, კადისმა უესკას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი, 70-ე წუთზე იური ტაბატაძემ გაიტანა. ეს უკვე მეორე შეხვედრაა, როცა ქართველმა ახალ კლუბს პირადად მოაგებინა. მატჩის შემდეგ, ტაბატაძემ გუნდის მდგომარეობასა და მიზნებზე ისაუბრა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე, რადგან წინა წაგებული თამაშის შემდეგ, ჩვენ რეაქცია უნდა გვეჩვენებინა.
ფანები დღეს წარმოუდგენლები იყვნენ. იმედი მაქვს, გულშემატკივარი, რომელმაც ტრიბუნაზე გონება დაკარგა, მალე გამოჯანმრთელდება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.
ეს იყო რთული და დამღლელი მატჩი - ბევრი სირბილით. მნიშვნელოვანი იყო ერთად ყოფნა და სიმშვიდის არ დაკარგვა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით.
ამ ეტაპზე კარგად ვთამაშობთ, მაგრამ სეზონი პირველ ადგილზე უნდა დავასრულოთ. - განაცხადა იური ტაბატაძემ
🗣️ Tabatadze: "Era importante reaccionar y conseguir los tres puntos”
— Cádiz Club de Fútbol (@Cadiz_CF) October 12, 2025
El futbolista valoró la victoria de su equipo tras un encuentro clave en la temporada
✍️ https://t.co/AH2a0wLw4T pic.twitter.com/KFkT4nwFan
ამ მომენტისთვის, კადისი ლა ლიგა 2-ის პირველადგილოსანია და მეორეზე მყოფ დეპორტივოს 2 ქულით უსწრებს, კადისის შეხვედრის დასრულების დროს, ლა კორუნიელებს 1 მატჩით ნაკლები ჰქონდათ ჩატარებული, თუმცა 90-ე წუთისთვის, დეპორტივო მალაგასთან 3-ბურთიანი სხვაობით მარცხდება და დიდი ალბათობით, კადისი ერთპიროვნულ პირველ ადგილს შეინარჩუნებს.
მე-10 ტურში, კადისი საკუთარ მოედანზე, ბურგოსს მიიღებს, მატჩი 20 ოქტომბერს გაიმართება.