იულიან ნაგელსმანი და ლუის ენრიკე ლუჩიანო სპალეტის შეცვლის კანდიდატებად მოიაზრებიან
იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას საკლუბო კარიერაში, შემდეგ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება.
კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ლუჩიანო სპალეტი "ნაპოლის" დატოვებს და ეს ამბავი მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, მედიამ უკვე დაიწყო საუბარი იტალიელი სპეციალისტის პოტენციური შემცვლელების შესახებაც. აქამდე, კანდიდატთა შორის რამდენიმე სპეციალისტის სახელმა და გვარმა გაიჟღერა, მათ შორის რობერტო დე ძერბი, ვინჩენცო იტალიანო, ალესიო დიონისი, რაფაელ ბენიტესი და სხვები იყვნენ, ახლა კი სპალეტის პოტენციურ შემცვლელთა რიგში იულიან ნაგელსმანი და ლუის ენრიკეც დასახელდნენ.
იტალიური წყაროები ამბობენ, რომ ლუის ენრიკეს ვარიანტს აურელიო დე ლაურენტისი იმ დროსაც განიხილავდა, როცა მაურიციო სარის შეცვლა სურდა და მისი სათამაშო ფილოსოფია ნეაპოლელთა ხელმძღვანელობისთვის მისაღებია.
რაც შეეხება გერმანელ სპეციალისტს, Corriere dello Sport-ის ცნობით, ახალგაზრდა მწვრთნელის დამატება "ნაპოლისთვის" საკმაოდ ძვირი იქნება, რადგანაც მას ხელფასის სახით სულ მცირე 10 მილიონი ევროს მიღება სურს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სპალეტის კლუბიდან წასვლა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა მისი კონტრაქტი "ნაპოლისთან" 2023 წლის 30 ივნისს სრულდება, მედიაში გავრცელებული ცნობებით კი, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.
ლუჩიანო სპალეტი “ნაპოლიში” 2021 წლის 1 ივლისს დაინიშნა და გუნდს 94 შეხვედრაში უხელმძღვანელა. მისი ხელმძღვანელობით, "ნაპოლიმ" 33-წლიანი პაუზის დასრულება და ისტორიაში მესამედ სკუდეტოს მოგება მოახერხა.