Belive

"იტალიის ქუჩებში ფეხბურთს აღარავინ თამაშობს" - რობერტო მანჩინი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც ახლა მსოფლიო დონის ვარსკვლავია, საფეხბურთო სამყაროში პირველად ქუჩაში შეაბიჯა. უამრავი ლეგენდარული მოთამაშე ამტკიცებს და ამტკიცებდა, რომ ქუჩის ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპქეტია ფეხბურთელისთვის. ის ხელს უწყობს, როგორც ტექნიკის ისე პიროვნების ჩამოყალიბებას.

იოჰან კრუიფი ერთ-ერთია იმ ლეგენდათაგან, რომელიც ქუჩის ფეხბურთის მნიშვნელობაზე საუბრობდა. როგორც ნიდერლანდელი ამბობდა, ის სულ თამაშობდა ქუჩაში და ეს ყველაფერი მოედანზე ძალიან ეხმარებოდა.

სწორედ ამ ყველაფერზე ისაუბრა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ და მისი გულისწყვეტაც არ დამალა.

"იტალიის ქუჩებში ფეხბურთს აღარავინ თამაშობს. ქუჩაში ფეხბურთს სამი-ოთხი საათის განმავლობაში ვთამაშობდით და ვარჯიშზე შემდეგ მივდიოდით. დღეს ეს აღარ ხდება. შემთხვევითობა არ არის, რომ არგენტინელი, ბრაზილიელი და ურუგვაელი ფეხბურთელები ასეთ მაღალ დონეზე თამაშობენ, რადგან ისინი ქუჩებიდან მოდიან." - ამბობს რობერტო მანჩინი.

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში უკვე ჩაერთო და საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრაც გამართა. რობერტო მანჩინის გუნდმა პირველი მატჩი შინ, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 1:2 დათმო. ეს მარცხი 1961 წლის შემდეგ პირველი იყო იტალიელთათვის, რომელიც ინგლისის წინააღმდეგ საკუთარ კედლებში განიცადეს. "აძურიმ" შემდეგი თამაში მალტას წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 0:2 დაამარცხა.

სხვა სტატიები