Belive

ჰანსი ფლიკი: "ეს ჩვენი გუნდის თამაშის მაქსიმუმი იყო"

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის თასის პირველი ფინალისტი უკვე ცნობილია - მადრიდის ატლეტიკო კატალონიაში 3:0 განადგურდა, თუმცა პირველი მატჩის 4:0 მოგების გამო, მათ ფინალში თამაში გაინაღდეს.

ბარსელონას კი თავის მხრივ, ძალიან ცოტა დააკლდა ფინალში გასვლამდე და "რემონტადამდე", თუმცა, კატალონიელებს ძალა და იღბალი აღარ ეყოთ მეოთხე გოლის გასატანად.

მატჩის შემდეგ, ბარსელონას გერმანელმა თავკაცმა - ჰანსი ფლიკმა ისაუბრა და მატჩი შეაფასა.

"ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. თუმცა ტურნირიდან გამოვარდნასაც უნდა შევეგუოთ.

ამ თამაშიდან კუბარსი და ბერნალი უნდა გამოვყოთ. ისინი ძალიან კარგები იყვნენ. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო კუბარსის მონდომება. ის დაუჯერებელი ტალანტია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი. ის ბურთით შესანიშნავი იყო. მისი თამაშის ყურებით ვისიამოვნე.

პედრი მოედანზე გვჭირდებოდა. მიხარია, რომ მას ტრავმა არ მიუღია, რადგან მისი მოედანზე 90 წუთით დატოვება რისკის შემცველი იყო.

ჩემპიონთა ლიგაზე წინ რთული გზა გველის. "ნიუკასლი" ძლიერი მეტოქეა. ახლა კი ბილბაოსთან ლა ლიგაში გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. თუ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ბევრი თამაში ჩავატაროთ, მოედანზე ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც დღეს ვიყავით. ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ.

ყველა ფეხბურთელი დაღლილია, რადგან მათ ყველაფერი მოედანზე დატოვეს, 100%-ზე მეტი. ვფიქრობ, ამ თამაშით გულშემატკივრებიც ბედნიერები არიან იმის მიუხედავად, რომ საბოლოო შედეგით ისინი იმედგაცრუებულები იქნებიან და ეს ნორმალურია. ფეხბურთელებმა აბსოლუტურად ყველაფერი გაიღეს, ეს ფანტასტიკური იყო.

შესაძლოა, ეს ჩვენი გუნდის თამაშის მაქსიმუმი იყო, თუმცა, ყველა მატჩში ასეთები უნდა ვიყოთ. მაქსიმალურად ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ და მომდევნო კვირებშიც ასე განვაგრძოთ." - ჰანსი ფლიკი

კოპა დელ რეის მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს ბასკურ დერბიში გაირკვევა, სადაც სოსიედადი და ბილბაო ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი სოსიედადს მინიმალური უპირატესობით აქვს მოგებული.

სხვა სტატიები