Belive

ინტერვიუ პეპთან | ესპანელმა სიტის კრიზისის შესახებ ისაუბრა

13 საათის წინ ფეხბურთი
4 წთ

"მანჩესტერ სიტიში" მიმდინარე კრიზისის ფონზე, ნილ უორნოკთან პეპ გვარდიოლას საუბარი ორმაგად საინტერესოა. თუ ვინმესთვის მისი გვარი უცნობია, გეტყვით, რომ უორნოკს ინგლისურ ფეხბურთში რეკორდი აქვს დამყარებული და მისი ხელმძღვანელობით მოთამაშე კლუბებს ჯამში 1626 მატჩი აქვთ ჩატარებული. 76 წლის სპეციალისტი სამწვრთნელო საქმიანობაში 50-ზე მეტი წლის განმავლობაში იყო ასეთი უნიკალური გამოცდილების მქონე მწვრთნელისა და კრიზისში მყოფი გვარდიოლას გადაკვეთა, ცხადია, ფეხბურთის მოყვარულების ყურადღებას იმსახურებს.

რა ხდება ამ სეზონში?

უორნოკი გვარდიოლასთვის ყველაზე რთულ სეზონს შეეხო, რაზეც ესპანელი სპეციალისტისგან შემდეგი პასუხი მიიღო: "ხალხი მეკითხება, რა მოხდა ამ სეზონში? ჩემი პასუხია: ის, რაც მანამდე მოხდა, ის იყო გასაოცარი და არა ის, რაც ახლა ხდება. მიმდინარე სეზონის ამბავი ნორმალურია. ჩვენ ადამიანები ვართ. შეიძლება, გამარჯვების წყურვილი აღარ გვაქვს, შეიძლება ტრავმების ბრალია..."

კრიტიკის შესახებ

პეპის თქმით, მისთვის უმნიშვნელოვანესია, ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ მარცხზე პასუხისმგებლობას გუნდის მთავარი მწვრთნელი იღებს. "მადრიდში მომხდარის შემდეგ, ყურადღების ობიექტში ვიყავი, ყველა მე მანადგურებდა. თავის ასარიდებლად, შეიძლება მომხდარი ჩემს ფეხბურთელებს დავაბრალო, თუმცა ჩემს შემთხვევაში, ეს არასოდეს მოხდება".

რა აკლია პეპს?

უორნოკმა გულწრფელად თქვა, რომ ტოპ გუნდების სათავეში არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამაყობს იმით, რომ მისი კლუბების გასახდელში საუკეთესო ატმოსფერო იყო. "იცი, ეს როგორი მნიშვნელოვანია"? - ჩაერთო გვარდიოლა. "მე შენნაირი მწვრთნელი არ ვარ და სიამოვნებით ვიქნებოდი. თანამედროვე ფეხბურთი ტაქტიკას და სპორტის მეცნიერებას ეყრდნობა, რაზეც თქვენი თაობა ნაკლებად ფიქრობდა. თქვენ მეტი პირდაპირი შეხება გქონდათ ფეხბურთელებთან. ერთად სადილობდით, ამბობდით სისულელეებს და ერთად იცინოდით, ქმნიდით სხვაგვარ ატმოსფეროს. მინდა, რომ ეს კავშირი მქონდეს ჩემს ფეხბურთელებთან, რომ როგორც მამას, ისე მიყურებდნენ, მაგრამ სხვა თაობის წარმომადგენელი ვარ".

პეპის მიზანი მიმდინარე სეზონში

უორნოკი პეპის კრიზისულ სეზონს კვლავ დაუბრუნდა: "ვუყურებ რა შენს დონეს და იმ იმედგაცრუებას, რომელსაც ახლა გადიხარ, მოუთმენლად ველოდები 12-18 თვის გავლას, რომ ხალხს დაუმტკიცო"... უორნოკი საუბრობდა მტკივნეულ ცვლილებებზე, რაც გუნდს ახალ სისხლს გადაუსხამს და მდგომარეობას გამოასწორებს: "ხანდახან, ზოგიერთ ფეხბურთელს ეჩვევი და განიხილავ ცვლილებებს"?

"არა", - პეპმა თავი გააქნია, "ჩემი მთავარი მიზანი 4-ეულში შესვლაა და ამ მიზანს ისევე ვუმიზნებ, როგორც გასულ სეზონებში პრემიერ ლიგის ტიტულს".

მოედანს მიღმა

მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც პეპი და უორნოკი შეეხნენ, ადამიანურ ფაქტორს ეხებოდა. "ადამიანებს უბრალოდ არ ესმით. მათ ჰგონიათ, რომ მწვრთნელი რაღაცებს გეგმავს, არადა მოულოდნელად ვიღაც კარზე აკაკუნებს და იგებ, რომ შენი ფეხბურთელის ცოლი ცუდადაა, ვიღაცის ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს"...

"ეს შენს დროს იყო ასე", - პასუხობს პეპი, "როდესაც ყველაფერს მწვრთნელი და მისი ასისტენტი აგვარებდნენ. ახლა ფეხბურთელზე ზრუნვის დეპარტამენტი გვაქვს, სადაც 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა რეალობა უცვლელია, ფეხბურთელები ადამიანებად რჩებიან".

ლივერპულთან თამაშის წინ

პრემიერ ლიგაში "სიტი" მომდევნო მატჩს "ლივერპულთან" საშინაო არენაზე გამართავს. საუბრისას, მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, პეპს თავდაჯერება არ ეტყობოდა. "სათქმელად მარტივია, მაგრამ "სიტიმ" სულელური შეცდომები უნდა შეამციროს", - უთხრა უორნოკმა. "მთელი სეზონი ასე მიმდინარეობს", - უპასუხა პეპმა და დაამატა: "ვამბობდი, ბიჭებო, ეს აღარ უნდა გავიმეოროთ, მაგრამ მაინც იგივე ხდებოდა. შეცდომები რომ აღარ დაგვეშვა, გაცილებით უკეთეს პოზიციაში ვიქნებოდით".

სრული ვიდეო იხილეთ ბმულზე 👇