გვარდიოლა ოპერატორთან კონფლიქტზე: "შერცხვენილი ვარ"
პრემიერ ლიგის მე-12 ტურში, ნიუკასლმა საკუთარ სტადიონზე მანჩესტერ სიტი დაამარცხა (2:1). მატჩს დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია - პეპ გვარდიოლამ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველასთან კონფლიქტი გამართა, ვისზეც კი ხელი მიუწვდებოდა. სიტყვიერი დაპირისპირება ბრუნო გიმარაეშთან და ჟოელინტონისთან არ იკმარა და ოპერატორზეც გადაერთო. ესპანელმა კამერით მომუშავე ადამიანს ყურსასმენებიც კი მოხსნა და უყვირა.
Pep Guardiola clashed with a camera operator at full time after Manchester City's loss to Newcastle 😳 pic.twitter.com/LxTCvae39W
— CBS Sports Golazo ⚽️ (@CBSSportsGolazo) November 22, 2025
შერცხვენილი ვარ. როცა ამ კადრებს ვუყურებ თავს საშინლად ვგრძნობ და ეს არ მომწონს. ერთი წამის შემდეგ ოპერატორს ბოდიში მოვუხადე, უბრალოდ ის ვარ ვინც ვარ და ვერ შევიცვლები.
1000 თამაშის შემდეგ არ შეიძლება იდეალური ადამიანი ვიყო, დიდ შეცდომებსაც ვუშვებ. მიზეზი ის არის, რომ მინდა დავიცვა ჩემი კლუბი.
ბრუნოს (გიმარაეში) მრავალი წელია ვიცნობ და თამაშის შემდეგ ყოველთვის, თუნდაც ეტიჰადზე, გვირაბში ან სადაც არ უნდა ვსაუბრობდეთ, კარგი დამოკიდებულება გვქონდა - ახლა არ ვიცი რა მოხდა. ამ შემთხვევისთვისაც მინდა ბოდიში მოვიხადო. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ
12 ტურის შემდეგ, მანჩესტერ სიტი ცხრილის მესამე ადგილზეა და ლიდერ არსენალს 7 ქულით ჩამორჩება. პეპ გვარდიოლას გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერ ლევერკუზენის მიღება უწევს (25 ნოემბერი/ 23:59), პრემიერლიგის მე-13 ტურში კი ლიდს იუნაიტედს უმასპინძლებს.