ინტერმა კივუს კონტრაქტი გაუხანგრძლივა | რუმინელს წარმატებული სეზონი დაუფასდა
ინტერის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან კივუმ, კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.
45 წლის რუმინელ სპეციალისტს, რომელიც გუნდში გასულ ზაფხულს 2-წლიანი ხელშეკრულებით მოვიდა, მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებდა. სადებიუტო სეზონში, "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს სერია A და იტალიის თასი მოაგებინა, რის შედეგადაც, კლუბის ხელმძღვანელობამ მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
ინტერმა ჩემპიონატი მეორე ადგილზე გასულ ნაპოლისთან 11-ქულიანი უპირატესობით დაასრულა და XXI სკუდეტოს დაეუფლა. ამასთანავე, კივუს ხელმძღვანელობით, ინტერმა იტალიის თასის ფინალში ლაციო 2:0 დაამარცხა.
კივუ მილანურ კლუბთან ერთად სერია A-ს 4 ტიტულის მფლობელია: თავის დროზე, მან ფეხბურთელის სტატუსით ზედიზედ სამჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი (2008-დან 2010 წლამდე), გასულ სეზონში კი ინტერის ისტორიაში მხოლოდ მეხუთე მწვრთნელი გახდა, რომელმაც სადებიუტო წელსვე მოახერხა იტალიის უმაღლესი ლიგის მოგება.
კივუმ ინტერი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც სიმონე ინძაგიმ პოსტი დატოვა და საუდის არაბეთის ალ-ჰილალში გადაბარგდა. მანამდე, რუმინელი პარმას ხელმძღვანელობდა.
2026 წლის დადგომიდან, კივუს ინტერმა სერია A-ში მხოლოდ ერთი მარცხი იწვნია (მილანთან დერბიში, ანგარიშით 0:1). უნდა აღინიშნოს, რომ ასეთივე წარმატებული სვლა ინტერს ჩემპიონთა ლიგაზე არ ჰქონია: ორმატჩიან დუელში, ინტერი ბოდო/გლიმტთან ანგარიშით 2:5 დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.