"ინტერი კონტრშეტევებში ევროპაში საუკეთესოა" - სესკ ფაბრეგასი
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის შეხვედრაში ინტერმა კომო საკუთარ არენაზე 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი მე-12 წუთზე პიო ესპოზიტომ გაიტანა, მე-19 წუთზე კი ანგარიში ორამდე გაზარდა მარკუს ტურამმა.
მატჩის შემდეგ სესკ ფაბრეგასმა მილანის ინტერი შეაქო და მათ საუკეთესო მახასიათებლებს გაუსვა ხაზი:
თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, რამდენიმე შეცდომა დავუშვით და თავდაჯერებულები არ ვიყავით. უნდა მივულოცოთ ინტერს, რომელმაც ჩვენზე ბევრად უკეთ ითამაშა. ჩვენ ახლა განსხვავებულ რეჟიმში ვართ, ბოლო დროს ძალიან ხშირად მოგვიწია თამაში, მადლობა ბიჭებს იმისთვის, რაც აქამდე გააკეთეს.
ინტერმა გამარჯვება დაიმსახურა, ხელი უნდა ჩამოვართვათ და წინ ვიაროთ. მოთხოვნები სულ უფრო იზრდება და ჩვენც ამ გზით უნდა გავაგრძელოთ სიარული. გამართლებებს არ ვეძებ - ფეხბურთი ასეთია და მწვრთნელიც უნდა მოერგოს სიტუაციას. ჩემი პასუხისმგებლობა გამოსავლების პოვნაა.
ცენტრში მხოლოდ ორი მოთამაშე გვყავდა, ამიტომ ვცადე, სმოლჩიჩის შემოყვანით სიტუაცია გამომესწორებინა. წაგების ფორმა მტკივნეულია, ბურთებს ძალიან იოლად ვკარგავდით. ეს თავდაჯერებულობას გართმევს, რადგან ინტერი ძალიან ძლიერია სწრაფ გადასვლებსა (კონტრშეტევებში) და გარდამავალ ფაზებში - ალბათ, საუკეთესოც კი ევროპაში.
ინტერი ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა სტანდარტულ მდგომარეობებში, მათ 13 ჯარიმა მიიღეს და ეს ისე ჭკვიანურად გააკეთეს, რომ არცერთი გაფრთხილება არ მიუღიათ. ასეთ მატჩებში თამაშის რიტმის დარღვევაც კი გადამწყვეტი შეიძლება იყოს. მსგავსი დეტალები მათ გამოცდილებაზე მეტყველებს, ჩვენ კი სწორედ ეს გვაკლია. - სესკ ფაბრეგასი - კომოს მთავარი მწვრთნელი
#Fabregas: "Inter troppo forte, la migliore d'Europa in transizione"https://t.co/PPPJpER0cw pic.twitter.com/SjYWRKhBny
— calciomercato.com (@cmdotcom) November 8, 2026
სერია A-ს ცხრილში ინტერს 28 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა (9 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი), პირველადგილოსან ლაციოს კი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, კომო 23 ქულით მე-5 ადგილზეა (7 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი).