იმობილე და მილინკოვიჩ-სავიჩი კვლავ ერთად?! - არაბებმა ჩიროს სუპერკონტრაქტი შესთავაზეს
საუდის არაბეთის კლუბმა "ალ-ჰილალმა" მილინკოვიჩ-სავიჩის დამატების შემდეგ, "ლაციოს" ლიდერს, 33 წლის - ჩირო იმობილეს, ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.
ცნობილი არაბი სპორტული ჟურნალისტის ინფორმაციით, "ალ-ჰილალი" ჩირო იმობილეს წელიწადში 15 მილიონს + ხელმოწერის ბონუსს 5 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც 33 წლის ვეტერანი ფეხბურთელისთვის, საკმაოდ სოლიდური თანხაა.
თუ ჩიროს ტრანსფერი შედგება, ეს ყველაფერი გზას 22 წლის ქართველ ფორვარდს - გიორგი მიქაუტაძეს უხსნის, რომლითაც სწორედ რომის "ლაციოა" დაინტერესებული.
ამ ფაქტის შესახებ ლაციოს პრეზიდენტმა - კლაუდიო ლოტიტომ კომენტარი უკვე გააკეთა.
"ჩიროს შეთავაზების შესახებ გავიგე, მაგრამ ჯერჯერობით ჩემამდე ოფიციალური შეთავაზება არ მოსულა. ის ჩემი შვილივითაა, მე მის გაყიდვას არ ვაპირებ, მითუმეტეს ისეთ ფასად, რასაც არაბული კლუბი იხდის.
ერთადერთი გზა, რომ იმობილე კლუბიდან წავიდეს, სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა, თუმცა როდესაც ეს წინადადება ხელში მეჭირება, დარწმუნებული არ ვარ, რომ მას კლუბიდან გავუშვებ..." - განაცხადა კალუდიო ლოტიტომ.
შეგახსენებთ, რომ ჩირო იმობილე რომაული კლუბის რიგებში 2016/2017 წლების სეზონიდან ირიცხება, რა დროშიც მის ანგარიშზე, 296 ჩატარებულ მატჩში 196 გატანილი გოლი და 53 საგოლე გადაცემაა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩირო იმობილე "ლაციოს" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.