Belive

იარნი, რომელმაც თქვა, რომ ზაგრებთან ბეტისს უქომაგებს, ნაკრებიდან გაათავისუფლეს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტ იარნი, დაკავებული პოსტიდან რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო გაათავისუფლეს.

,,იუვენტუსის'', ,,რეალისა'' და ,,ბეტისის'' ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ,,ზაგრებსა'' და ,,ბეტისს'' შორის ევროპა ლიგის შეხვედრაში ესპანურ გუნდს უქომაგებს.

,,ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რობერტ იარნი მედიაში გაკეთებული არასათანადო კომენტარის გამო, 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დამოკიდებულება სასურველი არ არის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ფეხბურთელისა და სპეციალისტის უფლებას, უქომაგონ ნებისმიერ გუნდს, მათ შორის ხორვატული კლუბების წინააღმდეგ.

თუმცა, უფრო მაღალი სტანდარტები წესდება ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებთან დაკავშირებით - მიუღებელია, რომ მათ ღიად დაუჭირონ მხარი, თუნდაც რომელიმე ხორვატულ გუნდს ევროტურნირებზე. ჩვენ არ ვერევით სპეციალისტთა საფეხბურთო ხედვაში, მაგრამ ერთიანობა წარმატების წინაპირობაა. დიდ პატივს ვცემთ რობერტ იარნის, თუმცა, ამ შემთხვევაში, მისი პოზიცია მიუღებელია, რადგან ხორვატიის ნაკრების მწვრთნელებს აქვთ მკაფიო ამოცანა, ხელი შეუწყონ ერთიანობას, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობას.'' - წერია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში

იარნის კომენტარს ზაგრების ,,დინამოსა'' და ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი, ბრუნო პეტკოვიჩი გამოეხმაურა, რომელმაც სპეციალისტს კლოუნი უწოდა:

ნამდვილად ასე თქვა? თუ ეს სიმართლეა, მაშინ ის უბრალოდ კლოუნია. ხორვატები, რომლებიც ხორვატულ გუნდებს არ ქომაგობენ, კლოუნები არიან! შეგიძლიათ ზუსტად ასე დაწეროთ...''

რობერტ იარნი ხორვატიის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

სხვა სტატიები