ჰოლანდის ემოციური სიტყვები პრემიერ ლიგის რეკორდის დამყარების შემდეგ
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში, ერლინგ ჰოლანდმა 35 გოლის გატანა შეძლო, რაც ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
ჰოლანდმა ისეთი ლეგენდების რეკორდი გააუმჯობესა, როგორიცაა: ალან შირერი (34) და ენდი კოული (34). აღსანიშნავია, რომ შირერმა და კოულმა 34 გოლის გატანა იმ დროს შეძლეს, როდესაც პრემიერ ლიგის სეზონი 42-მატჩიანი იყო – ჰოლანდს კი ამ უნიკალური შედეგის გასაუმჯობესებლად მხოლოდ 31 მატჩი დასჭირდა.
პრემიერ ლიგის უნიკალური რეკორდის დამყარების შემდეგ, ნორვეგიელმა ვარსკვლავმა თანაგუნდელებს მიმართა:
"არ ვიცი რა შემიძლია ვთქვა დამატებით, მაგრამ ვიცი, რომ უბედნიერესი ვარ. მადლობა ბიჭებო. ასევე მადლობას გიხდით საგოლე გადაცემებისთვის - თქვენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი. ახლა კი სახლში წავალ, კომპიუტერულ თამაშებს ვითამაშებ, შევჭამ და დავიძინებ", - ერლინგ ჰოლანდი.
შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგის სარეკორდო 35-ე გოლი "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიტანა.