ჰანსი ფლიკი: "მადრიდის რეალის დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა"
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, ბარსელონამ 'სამეფო კლუბი' 3:2 დაამარცხა და ესპანეთის სუპერ თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
კატალონიის ბარსელონას გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა, მორიგი ტიტულის მოგების შემდეგ საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.
"მორიგი ტიტულის მოგება შესანიშნავია, მნიშვნელოვანი ფინალი იყო, რეალ მადრიდის წინააღმდეგ მატჩები ყოველთვის შესანიშნავია, თანაც მაშინ, როდესაც მათ ამარცხებ. ვამაყობ, ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა.
გასახდელში არ ვყოფილვარ, ახლა ზეიმობენ და მხოლოდ ცეკვა დავინახე. ძალიან ვამაყობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბურთის ფლობით და თამაშის კონტროლით ბედნიერი ვარ. საბოლოოდ, მთელმა გუნდმა ისე ითამაშა, როგორც გვსურდა. ადვილი არ იყო და გუნდურად ვიბრძოდით, რაც შთამბეჭდავია.
რაფინიას მენტალიტეტი შთამბეჭდავია და ჩვენ გვყავს სხვები, როგორიც ის არის. ის მთელ გუნდზე გავლენას ახდენს. პირველი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, მაგრამ მეორეთი ისარგებლა და თავდაჯერებულობა შეგვძინა. როგორც ხედავთ, დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით.
ვიცოდი რომ ისინი ერთ გოლს მაინც გაგვიტანდნენ. მთლიანად გუნდი ამისთვის მომზადებული მყავდა. მე, როგორც მწვრთნელს, მათი თამაშის სტილი მომწონს და რეალი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ზოგადად მატჩის წინ წინასწარ პროგნოზებს არ ვაკეთებ ხოლმე, ფინალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან რეალ მადრიდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის შესანიშნავია.
სიტუაცია გასული სეზონისგან განსხვავებულია. კარგი თამაში გვიან დავიწყეთ, მაგრამ ახლა წარმატებებს ვაღწევთ და გუნდურად ვფუნქციონირებთ. ეს ძალიან კარგ განწყობას მაძლევს. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო..." - ჰანსი ფლიკი
შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკი მეორე სეზონია რაც ბარსელონას მთავარი მწვრთნელია და მან უკვე შეძლო და კლუბთან ერთად მეოთხე ესპანური ტიტული მოიგო, თუმცა კვლავ, მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება რჩება.
შემდეგი 'ელ კლასიკო' უკვე ლა ლიგის ეგიდით, 10 მაისს, განახლებულ 'კამპ ნოუზე' გაიმართება, სადაც დიდი ალბათობით ლა ლიგის სეზონის გამარჯვებულის ბედი გაირკვევა.