გვარდიოლა მეორეა | Telegraph-მა ინგლისური ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა
,,შენკლიზე, კლაფსა და ბასბიზე უკეთესი - თუმცა, გვარდიოლა მაინც არ არის ჩვენი ყველა დროის უდიდესი მწვრთნელი'' - ასეთი სათაურით აქვეყნებს The Telegraph სტატიას, რომელშიც საუბარი ინგლისური ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელებზეა.
,,პეპ გვარდიოლას მოახლოებულმა წასვლამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია ჭეშმარიტად დიდ მწვრთნელს. სწორედ ის ქმნის გეგმას, ამუშავებს სისტემებს და ყველაფერი მოქმედებაში მოჰყავს.
ინგლისურ ფეხბურთს ნამდვილად გაუმართლა, რადგან აქ არაერთ საუკეთესო სპეციალისტს უმუშავია. მათი ოცეულამდე დაყვანა კი ნამდვილად არ ყოფილა მარტივი საქმე. შერჩევის პროცესის გასამარტივებლად, სია მხოლოდ ომის შემდგომი პერიოდის წარმომადგენლებით შემოიფარგლა. ისტორია გვეუბნება, რომ ჯორჯ რემზი, ტომ უოტსონი, ჰერბერტ ჩეპმენი და ერნესტ მენგნალი მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, თუმცა ვიდეომასალის არარსებობის გამო, მათი გუნდების თამაშის შეფასება და თანამედროვე ფეხბურთის კონტექსტში მოაზრება საკმაოდ რთულია.'' - წერს Telegraph
გამოცემის ვერსიით, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონია, რომელზეც Telegraph წერს:
,,ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში არცერთ მწვრთნელს არ უბატონია თამაშზე ისე, როგორც ფერგიუსონს მანჩესტერ იუნაიტედში. მის მიერ მოგებული ტიტულების რაოდენობასთან მიახლოებაც კი წარმოუდგენელია. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვერავინ მიუახლოვდა იმ საყოველთაო აღიარებასა და რეპუტაციას, რასაც მან მიაღწია.
მისი სახელი და ავტორიტეტი სპორტის საზღვრებს სცილდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე კლუბების გულშემატკივრებს იგი, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვარდათ, როგორც წესი, მას ბრიტანული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე წარმატებულ ლიდერად მიიჩნევდნენ. მისი გავლენა იმდენად განთქმული იყო, რომ ფრაზა „ფერგის დრო“ (Fergie Time) საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინად იქცა.
იმის გათვალისწინებით, რომ მის პროფესიაში ასეთი მასშტაბის მიღწევების გამეორება ნაკლებად სავარაუდოა, სერ ალექს ფერგიუსონის აღსაწერად მხოლოდ ერთი კანონიერი ეპითეტი არსებობს: ის იყო „ბოსი“ (The Boss). - Telegraph

საუკეთესოთა შორის მეორე ადგილზეა პეპ გვარდიოლა, რომელიც მანჩესტერ სიტიში გატარებული 10 დიდებული წლის შემდეგ ინგლისს ტოვებს.
,,დიახ, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ ეს უზომოდ ნიჭიერი კატალონიელი სათავეში ჩაუდგა კლუბს, რომელსაც დიდი ფინანსები ჰქონდა. თუმცა, ფულს აზრი არ აქვს, თუ არ იცი, როგორ დახარჯო იგი. ხოლო ის მიღწევები, რაც მას 10 წლის განმავლობაში სიტიში ჰქონდა, მოწმობს, რომ მან მის ხელთ არსებული რესურსები საკმაოდ ეფექტურად გამოიყენა. პრემიერლიგის 6 ტიტული, 5 ლიგის თასი, 3 ასოციაციის თასი და კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგა - ეს არის მონაგარი, რომელსაც, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ვერავინ გადააჭარბებს.'' - Telegraph
The Telegraph | 20 საუკეთესო მწვრთნელი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში:
სერ ალექს ფერგიუსონი
პეპ გვარდიოლა
ბობ პეისლი
ბრაიან კლაფი
სერ მეტ ბასბი
ბილ შენკლი
იურგენ კლოპი
არსენ ვენგერი
სერ კენი დალგლიში
ბილ ნიკოლსონი
ჟოზე მოურინიო
ბერტი მი
დონ რევი
ჰოვარდ კენდალი
ჯო მერსერი
ჰარი კატერიკი
ჯორჯ გრემი
სერ ალფ რამსი
ტონი ბარტონი
კლაუდიო რანიერი