გვარდიოლა ინგლისის ნაკრების მომავალ მწვრთნელად განიხილება
2024 წელს გარეთ საუთგეიტი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დატოვებს. Sportbible-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთის ასოციაციას უკვე აქვს ხუთკაციანი სია, სადაც ერთ-ერთი პეპ გვარდიოლაა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ვრცელდებოდა ჭორები, რომ საუთგეიტი "სამ ლომს" დატოვებდა. თუმცა, 52 წლის სპეციალისტმა ნაკრებში დარჩენა გადაწყვიტა. გარეთი ეროვნულ ნაკრებს 2024 წლის ევროპის პირველობაზეც უხელმძღვანელებს. სწორედ ეს იქნება მისი ბოლო ტურნირი ინგლისის მთავარი მწვრთნელის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ საუთგეიტის ერთ-ერთ შემცვლელად "მანჩესტერ სიტის" თავკაცი, პეპ გვარდიოლა განიხილება.
2022/2023 წლების სეზონი ესპანელი მწვრთნელისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მან შეძლო და "ქალაქელებს" ისტორიაში ტრებლი პირველად მოაგებინა.
უკვე დიდი ხანია, რაც გვარდიოლამ დააანონსა, რომ საკლუბო ფეხბურთის შემდეგ ძალას ნაკრებშიც ცდიდა.
მსურს მწვრთნელობა ევროპის ჩემპიონატზე, კოპა ამერიკაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვცადო. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ 2021 წელს TNT Sports-თან საუბრისას
ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისი შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 9 სექტემბერს 20:00 საათზე არის ჩანიშნული.