გურამ კაშია: "დამიჯერეთ, ნიჭიერი ქართველები ევროპას დაიპყრობენ"
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპიდან გასვლის საქმეში გადამწყვეტი შეხვედრა ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებთან ელის. გამარჯვების შემთხვევაში, რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში პირველ პოზიციას გაინაღდებს, თუმცა პარალელურ შეხვედრაზე (ბელგიასა და პორტუგალიას შორის) სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს შესაძლოა ფრე ან მარცხიც კი ეყოს.
აღნიშნული უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ნიდერლანდურ სპორტულ მედია-საშუალება, voetbalprimeur.nl-ის, ინტერვიუ მისცა და ქართულ ფეხბურთში ახალი ნიჭიერი თაობის განვითარების შესახებ ისაუბრა.
"ახლა საქართველოს ნაკრების შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ ვაფასებთ, დამიჯერეთ.
ფეხბურთი აქ ყოველთვის იყო ყველაზე პოპულარული სპორტი, მაგრამ ახლა ის კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. ქუჩაში მხოლოდ ფეხბურთს თამაშობენ, ხალხი ამაყობს ეროვნული ნაკრებით. ჩემი ათი წლის ქალიშვილიც კი, რომელსაც აქამდე ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა, ახლა ფეხბურთის თამაში უნდა. ფეხბურთი ყვავის.
მე შემიძლია დავასახელო ბიჭების ხუთი-ექვსი სახელი და გვარი, რომლებიც მალე ევროპის რამდენიმე ტოპ ჩემპიონატში ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ. ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები მალე ევროპას დაიპყრობენ", - თქვა გურამ კაშიამ ნიდერლანდურ მედიასთან საუბარისას.
A ჯგუფში ჩატარებული 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს, ამ მატჩში სულ მცირე 1 ქულის მოპოვების შემთხვევაში კი ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს.
საქართველოსა და ნიდერლანდების U21 ნაკრებების დაპირისპირება 27 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.