"გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და ამას არ გამოხატავს" - კარლო ანჩელოტი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში მადრიდის "რეალი" საკუთარ არენაზე "მილანთან" 1:3 დამარცხდა. ანგარიში მილანელთა ფეხბურთელმა მალიკ ჩაომ მე-12 წუთზე გახსნა, ვინისიუსმა 23-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის მიწურულს ალვარო მორატამ თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო 73-ე წუთზე ტიჯანი რეინდერსმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
"ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ ჩვენ ვერ ვნახეთ გუნდის რეაქცია და ისევ იგივე პრობლემები რჩება. დაცვაში სიმყარე გვაკლია, კონტრშეტევაზე ხშირად გაუწონასწორებლები ვართ. ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ, ჩვენ უფრო მტკიცეები უნდა ვიყოთ და ბურთი დავიბრუნოთ.
მარცხის გამო უნდა ვინერვიულოთ, რადგან გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და ამას არ გამოხატავს. როცა დაცვაში მყარი არ ხარ, თამაშები ნებისმიერ მომენტში შეიძლება გართულდეს. ჩვენ რამდენჯერმე შევძელით, რომ სიტუაცია გამოგვესწორებინა, მაგრამ ყოველ ჯერზე ამას ვერ გააკეთებ.
ველოდი, რომ ისინი ("მილანი") ასე ითამაშებდნენ, რადგან მათ აქვთ დიდი ტემპი და ხარისხი, ისინი მაქსიმალურად იყენებდნენ ჩვენი დაცვის სისუსტეს.
მართალია, რომ შეტევაში არაეფექტურები ვიყავით და ჩვენი შანსები არ გამოვიყენეთ, მაგრამ მთავარი პრობლემა დაცვის სტრუქტურის რღვევაა.
ეს არის ფეხბურთის ძირითადი საფუძვლები და ჩვენ უბრალოდ უნდა შევცვალოთ რაღაც, რომ დაცვაში უკეთ ვითამაშოთ. - კარლო ანჩელოტი - "რეალ მადრიდის" მთავარი მწვრთნელი
"რეალს" მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 2 მარცხი აქვს (2 მოგებასთან ერთად) და 6 ქულით მე-17 ადგილზეა, იგივე მდგომარეობაშია "მილანიც" 2 მოგებით და 2 მარცხით მე-18 პოზიციას იკავებს.