Belive

გრინვუდის დამატება იუვენტუსსა და რომას სურთ

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის იუვენტუსს მეისონ გრინვუდის დამატება სურს. 24 წლის ინგლისელი თავდამსხმელი გასულ სეზონში მარსელის ოლიმპიკში წარმატებით ასპარეზობდა,რის გამოც მის მიმართ არაერთმა გუნდმა გამოხატა ინტერესი.

იტალიური მედიის ცნობით, ტურინულმა კლუბმა გრინვუდის სიტუაციის აქტიური მონიტორინგი დაიწყო და ოფიციალური შეთავაზების გაკეთებასაც განიხილავს. ეს ინტერესი სერიოზულ პრობლემას უქმნის რომას, რომლის მოლაპარაკებები „მარსელთან“ რამდენიმე კვირაა ჩიხშია შესული. ფრანგული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვს, რასაც რომაული კლუბი ამ ეტაპზე არ თანხმდება.

მიუხედავად ამისა, რომა არ აპირებს მთავარი სატრანსფერო სამიზნის დათმობას. კლუბს უკვე მიღწეული აქვს სიტყვიერი შეთანხმება გრინვუდის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის პირობებზე, თუმცა, მარსელის მოთხოვნილი თანხა, კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება.

ტურინიდან გაზრდილი ზეწოლის საპასუხოდ, „ჯალოროსი“ ამზადებს ახალ შეთავაზებას, რომლის საერთო ღირებულებაც შესაძლოა 50 მილიონ ევროს გადააჭარბოს. კლუბის მთავარი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი, გრინვუდს მომავალი სეზონისთვის თავისი ტაქტიკური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.

გრინვუდის ტრანსფერი კიდევ ერთ შესაძლო გარიგებასაც უკავშირდება. „რომა“ მზადაა, ფინანსების მოსაზიდად მანუ კონე გაყიდოს. ფრანგი ფეხბურთელით არსენალი და ჩელსი ინტერესდებიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, თავად კონესთვის საოცნებო ვარიანტი პარი სენ-ჟერმენში გადასვლაა.