Goal-მა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სეზონის ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა საფეხბურთო მედია საშუალებამ, ბრიტანულმა Goal.com-მა 2022/23 წლების სეზონში 21 ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ტრანსფერის სია გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
"როდესაც ლორენცო ინსინიემ "ნაპოლი" დატოვა, თითქოს ეს ეპოქის დასასრული იყო. იტალიელი ამდენი წლის განმავლობაში "პარტენოპეის" კაპიტანი და თილისმა იყო და მისმა წასვლამ MLS-ის წარმომადგენელ კლუბ "ტორონტოში" გულშემატკივრებში მომავლის მიმართ პესიმისტური განცდა დატოვა.
ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელსაც "დინამო ბათუმიდან" გადასვლის შემდეგ ინსინიეს შეცვლის ფუნქცია დაეკისრა და ამას თავდაპირველად ბევრი ადამიანი სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა ლუჩიანო სპალეტის გუნდში მისვლიდან ძალიან მალევე მან მოვლენათა დინამიკა საპირისპიროდ შეცვალა.
სულ რაღაც ორიოდე თვის შემდეგ, "ნაპოლის" გულშემატკივრებმა გარემარბს "კვარადონა" უწოდეს, რაც კლუბის საკულტო ფიგურასთან მიახლოებას ნიშნავს.
კვარაცხელია აღმაფრთოვანებული აღმოჩნდა იტალიაში პირველი წლის განმავლობაში, როდესაც მან აჩვენა თავისი უნიკალური დრიბლინგის უნარები და ფეთქებადი დასრულება ბოლო მესამედში. 42 მატჩში 32 გოლში მიღებული მონაწილეობა (გოლი, საგოლე პასი, მოპოვებული პენალტი) მისი შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარზე მეტყველებს.
კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი ამჟამად ევროპულ ფეხბურთში არ არსებობს და რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანია ასეთი საინტერესო საყურებელი. შედეგად, ევროპის ტოპ კლუბები იბრძვიან მასთან კონტრაქტის გასაფორმებლად, მაგრამ "ნაპოლი" იმედოვნებს, რომ ის მაინც დარჩება კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში, მას შემდეგ რაც გახდება მათი ახალი საკულტო ფიგურა", - წერს Goal.com-ი.
Goal.com-ის სიაში 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნიდან" "ბარსელონაში"), კაზემირო (მადრიდის "რეალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში"), პაულო დიბალა (ტურინის "იუვენტუსიდან" "რომაში"), ალექსის სანჩესი (მილანის "ინტერიდან" "მარსელში"), გაბრიელ ჟეზუსი ("მანჩესტერ სიტიდან" "არსენალში"), თანაგუნდელი კიმ მინჯაე ("ფენერბახჩედან" "ნაპოლიში") და სხვები არიან, პირველ ადგილზე კი დორტმუნდის "ბორუსიადან" "მანჩესტერ სიტიში" ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის გადასვლა მოხვდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. “ნაპოლი” სეზონის დასკვნით მატჩს, სერია A-ს 38-ე ტურის ეგიდით, სერია B-ში დაქვეითებულ “სამპდორიასთან” გამართავს - მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.