GOAL: კვარაცხელია გვახსენებს, რომ ფეხბურთი ისევ თამაშია
ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე და "პსჟ"-ის ფლანგის ტალანტები ისევ გვახსენებენ, რომ ფეხბურთი ამ დროშიც შეიძლება იყოს მხიარული.
ლუის ენრიკეს ბიჭები გვიმტკიცებენ, რომ ხალხი აღფრთოვანებაში მარდფეხა შემტევებს მოჰყავთ, რომლებიც მცველების მოტყუებაზე წასვლას არ ერიდებიან.
ინგლისური ფეხბურთის ყურება ხშირად აღარ არის სასიამოვნო. რა თქმა უნდა, ყველა მატჩი ვვერ იქნება ზეიმი და ზოგიერთი კვირა უბრალოდ არ არის „სუპერ“, რაც ნორმალურია. თუმცა, გასული კვირის საშინლად მოსაწყენმა მანჩესტერულმა დერბიმ ნამდვილად გააბრაზა გარი ნევილი - ეს არ იყო მხოლოდ ის ფაქტით გამოწვეული, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა ვერ შეძლო მეტოქის დამარცხება. მისი მწუხარება უფრო ღრმაა და ფეხბურთის დღევანდელ ბუნებას ეხება.
ეს მართლაც საკმაოდ დამთრგუნველი იყო ჩემთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ხშირად ამ ტიპის თამაშების ყურება გვიწევს.
პრემიერლიგა არის მღელვარება, ეს არის აღფრთოვანება, ეს არის რისკი, მაგრამ დერბიში არაფერი ხდებოდა.
მოთამაშეების რობოტული ქცევები - არ დავტოვოთ ჩვენი პოზიციები, თითოუელ სანტიმეტრს მიკრო დონეზე გავუფრთხილდეთ, არ გავრისკოთ არცერთხელ... ეს ფეხბურთის ავადმყოფობად იქცა, ეს კლავს ამ თამაშს. - განაცხადა გარი ნევილმა მანჩესტერული დერბის შემდეგ

ლუის ენრიკემ "ბარსელონაში" ტრიპლეტი მოიგო, მაგრამ გვარდიოლასგან განსხვავებით, მან ეს გააკეთა ბევრად უფრო პირდაპირი და ვერტიკალური თამაშის სტილით. გასაკვირი არ არის, რომ მან მსგავსი სტრატეგია პსჟ-შიც განახორციელა. დიდი განსხვავება ისაა, რომ მას უბრალოდ ერთი გარემარბი არ ჰყავს. ის 3 კაცით უტევს - ხვიჩა კვარცხელია მარცხნივ, დეზირე დუე ან ბრედლი ბარკოლა მარჯვნივ, ხოლო უსმან დემბელე შუაში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ აშრაფ ჰაკიმი და ნუნო მენდეში ეფექტურად თამაშობენ გარემარბების პოზიციაზეც ("ასტონ ვილას" წინააღმდეგ ორივე მცველის ძირითადი პოზიცია მოწინააღმდეგის ნახევარზე იყო), ნათლად ჩანს, რომ ლუის ენრიკე უპირატესობას ფეხბურთელების ინდივიდუალურ უნარებს ანიჭებს.
პარკ დე პრენსზე გამარჯვების (3:1) შემდეგ ლუის ენრიკეს ჰკითხეს, გააღიზიანა თუ არა იმან, რომ დეზირე დუემ თამაშის საწყის პერიოდში, კაცის მოტყუების მცდელობისას, ბევრჯერ დაკარგა ბურთი.
მე არ ვბრაზდები, როცა ჩემი ფეხბურთელი დრიბლინგს აკეთებს. დუე ერთი-ერთზე სპეციალისტია. ამაშია პსჟ-ს სიდიადის საიდუმლო. - უპასუხა ლუის ენრიკემ კითხვას
საკმარისია თუ არა ფლანგელების ჯადოქრობა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გასარკვევია, მაგრამ პსჟ ამტკიცებს, რომ თამაში იცვლება - და ასევე უკეთესობისკენ, ეს კი აღმაფრთოვანებელია.
სტატია მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით.