გიორგი წიტაიშვილი დინამო ბათუმში ითამაშებს
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს 21-წლამდე და ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას "დინამო ბათუმში" გააგრძელებს.
22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც კიევის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, 2022/23 წლების სეზონი პოზნანის "ლეხში" გაატარა, კონტრაქტი კი უკრაინის ტიტულოვან კლუბთან 2025 წლამდე აკავშირებს.
მცირე ხნის წინ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში, გიორგი წიტაიშვილის მამამ და ყოფილმა ფეხბურთელმა, კლიმენტი წიტაიშვილმა თქვა, რომ რამდენიმე შეთავზებიდან საუკეთესოს არჩევას აპირებდნენ.
"დინამო ბათუმი" უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დაიწყებს და ალბანურ "ტირანას" დაუპირისპირდება. მატჩები 13 და 20 ივლისს გაიმართება, იქამდე კი 4 ივლისს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფინალში, "დინამო თბილისს" დაუპირისპირდება. მატჩი "დინამო არენაზე" შედგება, 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.