Belive

გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის  – თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები“,- ნათქვამია შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. ცნობილია, რომ 19 წლის ფეხბურთელი აგარაკზე, მეგობართან იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა რადიო თავისუფლებასთან მომხდართან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა. მოწმის სტატუსით გამოკითხული ახალგაზრდის მონაყოლით, მოვლენები 18-19 ივნისის ღამეს, მცხეთაში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე დაახლოებით ასე ვითარდება.
წვეულებისათვის ნაქირავებ აგარაკზე, სადაც ახალგაზრდები მეგობარი გოგოს დაბადების დღეს აღნიშნავენ, 35-40, დაახლოებით 19-20 წლის ახალგაზრდები იკრიბებიან. ნაწილი იცნობს ერთმანეთს, ნაწილი არა. დაბადების დღეზე იმყოფება გიორგი შაქარაშვილიც. ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რამდენიმე მეგობართან ერთად წვეულებაზე თბილისიდან მოგვიანებით ჩადის. მისი თქმით, აგარაკზე მყოფი ახალგაზრდები მათ უკვე ნასვამები ხვდებიან. ახალგაზრდები წვეულებას უერთდებიან. რამდენიმე ხანში, ეზოდან ესმით ხმაური, გადიან გარეთ და ხედავენ, რომ წვეულებაზე მყოფი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჩხუბობს. ჩხუბის მოტივი უცნობია. მზია ქასრაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და მისი მეგობრები, ჩხუბს გაერიდნენ, ჩასხდნენ მანქანაში და თბილისში წამოვიდნენ:
"მისი მონაყოლიდან ვიცი, რომ გოგომ დაბადების დღეზე დაპატიჟა კლასელები, ჯგუფელები, მეგობრები, ახლობლები, ჯამში 40-მდე ადამიანი. მას შემდეგ, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა აგარაკი მანქანით დატოვა, როგორ განვითარდა მოვლენები, აღარ იცის. როგორც სხვა ჯგუფის მიერ მოყოლილი ინფორმაციიდან ვიცი, ერთ-ერთი მანქანა, მიტრიალდა უკან და აგარაკზე დარჩენილი ახალგაზრდები სცემეს. რა მიზეზით, ვინ იყვნენ იმ ჩხუბში, ეს ჩვენთვის უცნობია. მე მხოლოდ ერთ-ერთ მოწმეს ვიცავ, თუმცა, უამრავი მოწმეა გამოკითხული. მე მეტი არაფერი ვიცი," აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კლუბ "საბურთალოს" მე-2 გუნდის ფეხბურთელი იყო. Live.ge მწუხარებას გამოთქვამს და იზიარებს ოჯახის წევრების მდგომარეობას  

სხვა სტატიები