გიორგი ქოჩორაშვილი: "აქ ბიჭი მოვედი და კაცი მივდივარ"
გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტემ ლა ლიგა 2 პირველ ადგილზე დაასრულა. უკანასკნელ, 42-ე ტურში ლევანტემ საკუთარ მოედანზე ეიბარი მიიღო და 1:0 დაამარცხა. ლევანტეს უშუალო კონკურენტმა ელჩემ, სტუმრად დეპორტივოს მოუგო 0:4, თუმცა ბოლო ტურამდე არსებული 2-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა და ჩემპიონი ქოჩორაშვილის გუნდი გახდა.
მომავალ სეზონში, ლა ლიგაში პირდაპირი წესით სწორედ ლევანტე და ელჩე დაწინაურდება, კიდევ ერთი გუნდის გამოსავლენად კი მესამედან მეექვსე ადგილის ჩათვლით მყოფი კლუბები პლეი ოფს ითამაშებენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტეს გულშემატკივრებს, გუნდის წევრებსა და ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, რომლებიც წლების გამავლობაში მას წინსვლაში ეხმარებოდნენ.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს. მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელსა და მთელ სამწვრთნელო შტაბს, რომ ბოლომდე ჩემთან იყვნენ.
მადლობა ჩემს ოჯახს, მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა ყველას, ვინც ლევანტეში მუშაობს, რადგან ისინი მეხმარებიან მას შემდეგ, რაც აქ 19 წლის ასაკში ჩამოვედი - ბიჭი ვიყავი და მივდივარ როგორც კაცი.
დიდი მადლობა. თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს არ არის დამშვიდობება, ჩვენ ერთმანეთს მალე შევხვდებით.“ - გიორგი ქოჩორაშვილი
გიორგი ქოჩორაშვილი, ბოლო ტურის შეხვედრაში, მოედანზე 85-ე წუთზე გამოვიდა. ქართველმა ნახევარმცველმა პირობა შეასრულა და გუნდს ელიტაში გადასვლაში დაეხმარა, მომავალი სეზონიდან კი კარიერას პორტუგალიურ სპორტინგში გააგრძელებს.