გიორგი მოისწრაფიშვილი: "რთულ მატჩს ველოდებით, რომელშიც გულშემატკივრის იმედი გვაქვს - ისინი ძალას გვმატებენ"
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება, ქართველთა მეათე ნომერმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა კომენტარი გააკეთა.
"რთული მატჩის მოლოდინი გვქვს, რადგანაც ისრაელის ძალები კარგად ვიცით. მიუხედავად ამისა, გამარჯვება და ჩვენი გულშემატკივრის გახარება გვსურს. გვინდა, რომ ისევ ჩვენს ქომაგებთან ერთად ვიზეიმოთ წარმატება.
ის დამატებითი დასვენების დღე, რომელიც მეტოქესთან შედარებით გვქონდა, ვფიქრობ ნაყოფიერად გამოვიყენეთ და ძალების აღდგენა მოვახერხეთ.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ვფიქრობ, რომ ამ თამაშში ბურთის დაჭერა ჩვენ უნდა მოვახერხოთ. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და გვაქვს ისევ სავსე სტადიონის მოლოდინი, რადგან გულშემატკივარი დამატებით ძალებს გვაძლევს.
დღეს "დინამო თბილისი" საქართველოს სუპერთასზე ითამაშებს. გუნდთან ერთად ვერ ვიმყოფები, მაგრამ თანაგუნდელებთან კომუნიკაცია მაქვს და მათ წარმატებებს ვუსურვებ", - თქვა "დინამო თბილისის" და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა.
ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ისრაელს დაუპირისპირდება – მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 1 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: თამარ ჯიშკარიანი