გიორგი მიქაუტაძემ ჰოფენჰაიმთან 60 წუთი ითამაშა | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?
ევროპა ლიგის მე-4 ტურში, "ჰოფენჰაიმმა" საკუთარ მოედანზე "ლიონი" მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. განსაკუთრებით დაძაბული მატჩის დამატებული წუთები გამოვიდა, სადაც გერმანელმა გულშემატკივარმა 2 გატანილი გოლი იხილა.
ანგარიში მასპინძლებმა 47 წუთზე გახსნეს, გათანაბრება კი აბნერმა მოახერხა 66-ზე. თითქოს შეხვედრა 1:1-კენ მიდიოდა, თუმცა ლიონი წინ ლაკაზეტის 94-ე წუთზე გატანილი გოლით გავიდა. მაშინ, როცა ფრანგებს მატჩი შემობრუნებული და მოგებული ეგონათ, 96-ეზე გამათანაბრებელი გოლი მიიღეს და შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა.
მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ. ლიონის მწვრთნელმა, პიერ საჟმა 61-ე წუთზე ოთხმაგი ცვლილება განახორციელა და მთელი შემტევი ხაზი შეცვალა, მათ შორის იყო გიორგიც - მოედანზე მეიტლანდ-ნაილსი, ფოფანა, ლაკაზეტი და შერკი შემოვიდნენ. მიქაუტაძეს ბურთი საკმაოდ იშვიათად ჰქონდა (29-ჯერ შეეხო), თუმცა ერთი მომენტის შექმნა მოახერხა, ერთხელ კი მის დარტყმულს მცველმა დააფარა. ქართველი გადაცემებს 84%-იანი სიზუსტით აკეთებდა (14/19). sofascore-მა გიორგის თამაში 7 ქულით შეაფასა, whoscored-მა კი მიქაუტაძეს 6.7 დაუწერა.
ევროპა ლიგაზე ჩატარებულ 4 შეხვედრაში ლიონს 2 მოგება, ერთი წაგება და 1 ფრე აქვს, გუნდი 7 ქულით ცხრილის მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ამ ტურნირზე, ფრანგები შემდეგ შეხვედრას 28 ნოემბერს, სტუმრად, "ყარაბაღის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.