Belive

გიორგი მიქაუტაძე: "რენთან შეხვედრაშიც იგივე მოხდა"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზამთარში ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამას ყოველ ტურში ამტკიცებს. ქართველ თავდამსხმელს ზედიზედ 6 შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი და 2 შემთხვევაში დუბლის შესრულებაც მოახერხა. ამ ყველაფერს ვერ იყენებს "მეცი", რომელმაც უკანასკნელი 3 შეხვედრა წააგო და გუშინ ასეთი სტუმრად "სტრასბურგთან" გამართული მატჩი იყო. მეცი გიორგის ერთადერთი გატანილი გოლით 89-ე წუთამდე იგებდა, თუმცა 3 წუთში ყველაფერი საპირისპიროდ დატრიალდა. თამაშის დასრულების შემდეგ მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა.

კონტროლი დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, რომ წინ ვიყავით, ბოლოს გოლი მაინც გავუშვით, რაც გულდასაწყვეტია. იგივე მოხდა რენთან შეხვედრაშიც. ბოლოს მაინც შეგვეძლო ქულის აღება, რაც დარჩენის უფრო მეტ შანსს მოგვცემდა. - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ

გიორგიმ ლიგა 1-ში ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და აქტივში 4 საგოლე გადაცემაც აქვს. მეცში იჯარით დაბრუნების შემდეგ მან 11 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილზეა.

მეცი მე-16 ადგილზე, პლეი აუტის ზონაშია და უკანასკნელ ტურში საკუთარ კედლებში ჩემპიონს, "პსჟ"-ს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები