Belive

გიორგი გაბედავა: "ისრაელთან მძიმე მატჩს ველი, ბიჭებმა იგივე მუხტი და შემართება უნდა აჩვენონ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გამოცდილმა ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი გაბედავამ, რომელიც 2023 წლის 1 თებერვლის შემდეგ ისრაელის რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ "ჰაპოელ აკკოში" თამაშობს, უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის წინ, რომელშიც საქართველო ისრაელს დაუპირისპირდება, ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.

33 წლის თავდამსხმელმა, რომელიც 2018 წელს საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და საქართველოს ჩემპიონატის 100-იანთა კლუბის წევრია (სულ მცირე 100 გოლი საქართველოს ეროვნულ ლიგაში), მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა და მეტოქის ძალებზეც ისაუბრა.

"პირველ რიგში, ყველას ვულოცავ ამ დიდ წარმატებას და განსაკუთრებით ფეხბურთელებს.

რაც შეეხება ამ დაპირისპირებას, ვფიქრობ მძიმე შეხვედრა იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელი ბძოლისუნარიანი გუნდია, უფრო დაცვიდან თამაშობენ და ორთაბრძოლების და კონტრშეტევების ხარჯზე ცდილობენ შედეგს მიაღწიონ.

ჩემი აზრით ფავორიტი ამ წყვილში საქართველოა! მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო და ბიჭებმა იგივე მუხტი, შემართება და მონდომება უნდა გამოიჩინონ, რაც ამ შეხვედრებში ვნახეთ და ჩემი აზრით ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დამთავდება", - თქვა გიორგი გაბედავამ ჩვენთან საუბრისას.

"გაგრას", უკრაინული "ილიჩევიცის", ზუგიდის "ბაიას", საჩხერის "ჩიხურას", "სამტრედიას", "დინამო ბათუმის", პოლონური სოსნოვიეცის "ზაგლებიეს", "საბურთალოს" და "დინამო თბილისის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ახალი გუნდის შემადგენლობაში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ისრაელს დაუპირისპირდება – მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 1 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები