U21 | საქართველოს კონკურენტმა, შვედეთის ნაკრებმა მოლდოვას ვერ მოუგო
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა შვედეთისა და მოლდოვის 21-წლამდელთა ნაკრებებს შორის ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
ეს გუნდები C ჯგუფში საქართველოსთან ერთად ასპარეზობენ და შვედეთი მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი გუნდის კონკურენტია.
8 მატჩის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 16 ქულით მეორე ადგილს იკავებს, შვედეთი კი 14 ქულით მე-3 პოზიციაზეა.
დღევანდელ შეხვედრაში შვედები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მეორე ტაიმში მოედანზე მეტნიც იყვნენ (მოლდოვას 52-ე წუთზე თავდამსხმელი გაუძევეს), თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს.
საქართველო დარჩენილ ორ მატჩს 10 და 15 ოქტომბერს, შვედეთთან სტუმრად და შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. შვედეთი კი რამაზ სვანაძის გუნდის გარდა, ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდება 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი ექვსი მეორეადგილოსანი გუნდი, ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეი-ოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზურიც ამ გზით გადანაწილდება.
Trots stort spelövertag lyckas Sverige inte få in ett ledningsmål – och det blir därmed en poäng i Moldavien 🇲🇩🇸🇪#SWEU21
— Svensk Fotboll (@svenskfotboll) September 10, 2024