Belive

გიორგი ჩელებაძე: "მატჩის შემდეგ მსაჯმა ახალი წესი ამიხსნა, მასთან პრეტენზია არ მაქვს"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ქობულეთის "შუქურამ" "დინამო თბილისი" ისტორიაში პირველად დაამარცხა (1:0) და ასპარეზობას გამოთიშა. აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული ეპიზოდი 74-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა აჭარული კლუბის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ბურთთან ტრადიციულად გუნდის კაპიტანი, გიორგი ჩელებაძე მივიდა, რომელმაც მართალია 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და გოლის გატანა შეძლო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს წესების დარღვევით გააკეთა. საქმე ისაა, რომ ქობულეთელთა მეათე ნომერმა დარტყმის წინ პაუზა აიღო, რაც თამაშის წესებით დაშვებული არ არის. ხსენებულ მომენტს მატჩის შემდეგ გულშემატკივართა შორის ფართო გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც აზრი თავად ფეხბურთელს ვკითხეთ, რომელმაც Live.ge-სთან განმარტა, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა მოგვიანებით მას გადაწყვეტილების მიზეზი აუხსნა. https://www.live.ge/fexburti/giorgi-chelebadzes-msajma-utsnaurad-shesrulebuli-penaltith-gatanili-goli-gauuqma-video/
"მატჩის შემდეგ მსაჯს ვესაუბრე და მან ამ გადაწყვეტილების კონკრეტული დეტალები ამიხსნა. როგორც გავიგე, ეს ახალი წესი ყოფილა, რომელზეც აქამდე ინფორმაცია არ მქონდა. დარტყმის წინ, ბოლო მომენტში პაუზის გაკეთება არ შეიძლება, დარღვევა სწორედ ამაში მდგომარეობს.  კარიერის განმავლობაში ასე 10 ან 15 პენალტი გამიტანია და როცა მსაჯმა ეს თერთმეტმეტრიანი არ ჩათვალა, ძალიან გამიკვირდა, თუმცა ჩემი ბრალია, რომ ახალი წესი არ ვიცოდი. ასე რომ, გიორგისთან არანაირი პრეტენზია და კითხვები არ გვაქვს", - თქვა "შუქურას" 29 წლის შემტევმა.
გიორგი ჩელებაძე "დინამო თბილისის" ლეგენდარული ცენტრალური თავდამსხმელის, რევაზ ჩელებაჯის ვაჟია, რომელიც პენალტების შესრულების განსაკუთრებული მანერით გამოირჩეოდა და ამ კუთხით საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. გიორგი ჩელებაძემ ჩვენთან საუბრისას კომენტარი ამ თემაზეც გააკეთა.
"პენალტის დარტყმის გამორჩეული ხერხი მამისგან ვისწავლე, თუმცა, ცხადია, მას ვერ შევედრები. ისე კი, ვცდილობ, ამ მხრივ ჩემი ტექნიკა უფრო მეტად დავხვეწო და განვავითარო. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე უკეთესად გამომივა", - გვითხრა გიორგი ჩელებაძემ.
ლევან ჯიბღაშვილის საცოლის ყოფილი ქმარი, ფეხბურთელ რევაზ ჩელებაძის შვილია
ქობულეთის "შუქურა", რომელიც ეროვნულ ლიგაში 2021 წლის სეზონში დაბრუნდა, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალშია გასული, სადაც მათი მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რაც შეეხება ჩემპიონატს, გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი წრე 12 ქულით და მეექვსე პოზიციით დაასრულა. შემდეგ შეხვედრას შავიზღვისპირელები 24 აპრილს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის არენაზე, მეათე ტურის ეგიდით, გორის "დილას" წინააღმდეგ გამართავენ, რითიც ეროვნულ ლიგაში მეორე წრე გაიხსნება.  

სხვა სტატიები