გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება მილუოლის წინააღმდეგ
ჩემპიონშიპის 36-ე ტურში "უოტფორდმა" "მილუოლი" მიიღო და 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა 3-მატჩიანი წაუგებელი სერია დღეს დაასრულეს და ახლა ცხრილში სწორედ მილუოლის მეზობლად იმყოფებიან.
მატჩი მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოვიდა, ერთადერთი რაშიც უოტფორდი დიდ უპირატესობას ფლობდა, კუთხურები იყო. 11 კუთხური 4-ის წინააღმდეგ. ანგარიში შეხვედრის 30-ე წუთზე გაიხსნა, მასპინძლეთა ცენტრალურმა მცველმა, მეთიუ პოლოკმა სწორედ კუთხურიდან შექმნილი გაუგებრობით ისარგებლა და თავური დარტყმით გაიტანა.
სტუმრებმა 59-ე წუთზე ჯერ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, 81-ეზე კი გამარჯვების გოლის გატანაც შეძლეს და უოტფორდიდან 3 ქულა წაიღეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი სრულად ჩაატარა. ქართველი ნახევრმცველი პასებს 91%-იანი სიზუსტით აკეთებდა, 2 დრიბლინგიდან ერთი წარმატებით დაასრულა, კარში ზუსტად კი ერთხელ დაარტყა. whoscored-ის ვერსიით მან 6.4 ქულა დაიმსახურა, sofascore-მა კი გიორგის 7.0 დაუწერა.
უოტფორდი ცხრილის მე-11 ადგილზეა, პრემიერლიგაში დაწინაურების პლეი ინის ზონამდე (მე-6 ადგილი) კი 3 ქულა აშორებს.