გერმანული მედია: 4 წლის წინ კვარაცხელია ბაიერნში გადასვლასთან ახლოს იყო
გერმანული მედიის ინფორმაციით, 4 წლის წინ არსებობდა შესაძლებლობა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი გამხდარიყო.
"SPOX-ისა და GOAL-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის "ბაიერნის" კამპუსში 2018 წლის აპრილში სინჯები გაიარა. მიუხედავად დამაჯერებელი თამაშისა, ტრანსფერი ჩაიშალა. დღეს "ნაპოლის" 22 წლის ქართველი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია.
ნეაპოლში კვარადონას ეძახიან და ასე ტყუილად არ ხდება. თავისი დაუოკებელი დრიბლინგებითა და ელვისებური მოძრაობებით, ბურთის ნაზი დამუშავებით და ფართო ხედვით, ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად მოგაგონებთ ლეგენდარულ, ახლა უკვე გარდაცვლილ დიეგო არმანდო მარადონას. ოდესღაც არგენტინელი ლეგენდის მსგავსად, 22 წლის ქართველი დღესაც აჯადოებს "ნაპოლის". დიდწილად კვარადონას დამსახურებით, "ნაპოლი" ახლოსაა მარადონას დროის და 33 წლის შემდეგ პირველი სკუდეტოს მოგებასთან.
მაგრამ ეს ამბავი საერთოდ არ მოხდებოდა და კვარაცხელიაც ამ შესანიშნავ მეტსახელს ვერ მიიღებდა, თუ "ბაიერნი" მას მართლაც დაიმატებდა. როგორი იქნებოდა "ბაიერნის" პოტენციური სუპერვარსკვლავის სახელი, კვარაბაუერი ან კვარაშოლი? ეს რა თქმა უნდა, ნაკლებად ლამაზად ჟღერს.
SPOX-ისა და GOAL-ის ინფორმაციით, მაშინ 17 წლის კვარაცხელიამ ერთკვირიანი საწვრთნელი პროცესი გაიარა მიუნხენში და 2018 წლის აპრილში დაასრულა.
მან ერთი წლით ადრე გახსნილი კამპუსის შენობა დაათვალიერა და "ალიანს-არენაზე" პროფესიონალური გუნდის თამაშსაც დაესწრო.
კამპუსზე პასუხისმგებელი პირები დარწმუნდნენ კვარაცხელიაში როგორც სპორტული, ისე პიროვნული თვალსაზრისით და თავად ფეხბურთელიც დაინტერესებული იყო "ბაიერნში" გადასვლით, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა", - წერს spox.com-ი.
22 წლის ქართველ ვარსკვლავს, რომელიც ამჟამად "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერია, 2022/23 წლების სეზონში 33 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.